რესტორატორები, სახელმწიფოს მიერ საფრანგეთის კულინარიულ სკოლა – Ferrandi Paris-ში 10 ქართველი მზარეულის გადამზადების დაფინანსებას დადებითად აფასებენ და აცხადებენ, რომ დარგის განვითარებისთვის ევროპული განათლების მიღება მნიშვნელოვანია.
საფრანგეთის კულინარიულ სკოლა – Ferrandi Paris-ში მზარეულების გადამზადების მოკლევადიან კურსს სახელმწიფო დააფინანსებს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია განაცხადების მიღებას იწყებს. პროექტის ფარგლებში გადამზადების კურსს, კონკურსის წესით შერჩეული 10 საუკეთესო მონაწილე ქალაქ დიჟონში გაივლის. სწავლების პერიოდი კი 23 ივნისიდან 4 ივლისამდე გრძელდება. GNTA-ის გავრცელებული ინფორმაციით, სასწავლო კურსი მოიცავს: კერძების დამზადების პრაქტიკულ მეცადინეობას; ახალი ტექნოლოგიების დაუფლებას; მსოფლიო ტენდენციების გაცნობას; კურსდამთავრებულებს Ferrandi Paris-ის ოფიციალური სერტიფიკატი გადაეცემათ.
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე აღნიშნულ პროექტს მიესალმება და ამბობს, რომ ეს ძალიან საჭირო პროექტია. სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე ის უფრო მეტი დასაქმებულის გადამზადების საჭიროებაზე საუბრობს.
„ეს ინიციატივა ძალიან კარგია, რადგან სარესტორნე სფეროში ათასობით ადამიანია გადასამზადებელი. ქვეყანაში 10 000 რესტორანია და 10-ის გადამზადება საკმარისი არ არის. ეს ძალიან საჭირო პროექტია. სარესტორნე საქმე ისეთია, რომ სპეციალურ მენეჯმენტი და ბუღალტერიც კი სპეციალური სჭირდება, რაზედაც საფიქრალია.
ყოველწლიურად ქვეყანაში სარესტორნე დარგში მხოლოდ 200 ადამიანია გადის გადამზადებას, მაშინ როდესაც 10 000 რესტორანია და დაახლოებით 200 000 ადამიანი საქმდება. არაერთ შეხვედრაზე მითქვამს, რომ განათლების საკითხი მისახედია. თუ ტურისტების რაოდენობა მზარდია, რესტორნების რაოდენობაც გაიზრდება და მხოლოდ 200 ადამიანის გადამზადება არ გვეყოფა“, – აცხადებენ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს რესტორატორი ვახო კანდელაკიც დადებითად აფასებს და ამბობს, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს ევროპულ განათლებას, მით უკეთესი იქნება დარგის განვითარებისთვის, რადგან მომსახურების სფეროში განათლება მნიშვნელოვანი გამოწვევაა. თუმცა ის ამბობს, რომ 10-11-დღიანი გადამზადების კურსი საჭირო განათლების მისაღებად საკმარისი არ იქნება.
„ეს ინიციატივა ძალიან კარგია, რადგან რაც უფრო მეტი ადამიანი გადამზადდება და ევროპულ განათლებას მიიღებს გასტრონომიაში, მით უფრო კარგია. სამწუხაროდ არ ვფლობ ინფორმაციას ვინ იქნებიან კონკურსის წევრები და როგორ შეირჩევიან ეს მზარეულები, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ თვითონ სასწავლებელი მსოფლიოს TOP-5 სასწავლებელს შორისაა. ეს ძალიან კარგია.
დღეს სფეროს ყველაზე დიდი პრობლემა განათლების უქონლობაა და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ევროპული განათლების მიღებაა. მთავარია გადამზადების შემდეგ როგორ მოხდება მიღებული ცოდნის გამოყენება და ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ როგორ გასცემენ გადამზადებული მზარეულები მიღებულ ცოდნას. თუმცა 11-დღიანი კურსი ძალიან მცირე დროა. ამ პერიოდში ალბათ თეორიულ-პრაქტიკულ კურსებს გაივლიან კონკრეტული მიმართულებით, რაც შეიძლება იყოს ნარჩენების მართვა ან მაგალითისთვის ხორცის მიმართულებას აირჩევენ. რადგან კულინარიის და გასტრონომიის კურსის დასაუფლებლად მინიმალური დრო 6-დან 12 თვემდეა, სადაც პროდუქტების ვარგისიანობით დაწყებული და მართვით დასრულებული ყველა საკითხს გადიან. ამ პროექტით გათვალისწინებული გადამზადების პერიოდი კი ძალიან მცირეა, არ მგონია ამ პერიოდში მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვონ, რაც მზარეულებისთვის მნიშვნელოვანი იქნება“, – აცხადებს ვახო კანდელაკი.
რესტორატორი თვლის, რომ კარგი იქნება თუ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ექსპერტების ჯგუფი ეყოლება, რომლებიც სწორი პრიორიტეტებს შეიმუშავებენ.
„მთავარია, ტურიზმის ადმინისტრაცია მუშა ჯგუფი უნდა ჰყავდეს, რომელიც გასტრონომიის მიმართულებით ექსპერტებით იქნება დაკომპლექტებული, რომელიც დადებს პრიორიტეტს მაგალითად იმის შესახებ, რომ 10, 20 თუ 2 შეფმზარეული სრულყოფილად გადამზადდეს და ჩამოტანილი ინფორმაცია აქ ახალგაზრდებს გაუზიარონ. მიუხედავად იმისა რომ ვთვლი ძალიან კარგი ინიციატივაა, მხოლოდ იმისთვის რომ საქმეში ჩაეთვალოთ, ეს არასწორი იქნება“, – ამბობს კანდელაკი.