შავ ზღვაში გამოყოფილ ზონებში თევზის წარმოებას თურქი და ნორვეგიელი ინვესტორები გეგმავენ – ნინო ჩობანიანი

2023 წელს საზღვაო აკვაკულტურის ფერმერების მოსაწყობად, აჭარის, სამეგრელოს და გურიის სანაპირო ზოლში 8 არეალი გამოიყო, თუმცა როგორც საქართველოს თევზის მომშენებლთა ასოციაციის ხელმძღვანელი “რედაქტ2”-თან ინტერვიუში აცხადებს, ჯერ შესაბამისი ლიცენზიები გაცემული არ არის.

ნინო ჩობანიანის ინფორმაციით, აღნიშნულ სალიცენზიო არეალში აკვაკულტურის ფერმების მოწყობით თურქი და ნორვეგიელი ინვესტორები არიან დაინტერესებულნი.

„იცით, რომ 8 ზონა არის გამოყოფილი, აქედან 3 თევზის, 5 მოლუსკის. ინტერესი დიდია როგორც უცხოელი ინვესტორების, ასევე ქართველების მხრიდან. ამ ეტაპზე მიდის განაცხადების განხილვა და ვფიქრობთ, მალე გადანაწილდება გამოყოფილი ზონები და დაიწყება აქტივობები. დაინტერესებული არიან თურქი და ნორვეგიელი საკმაოდ მსხვილი ინვესტორები“,-აცხადებს ნინო ჩობანიანი.

დღეს საქართველოში თევზის წარმოება 3 ათას ტონას არ აჭარბებს. მაგალითად 2023 წელს ქვეყანაში მხოლოდ 2 469 ტონა თევზი იწარმოა, მაშინ როცა საგრძნობლად დიდია ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის წილი. მაგალითად, გასულ წელს ქვეყანაში 7,7 მილიონი დოლარის ღირებულების, 995 ტონა ახალი ან გაციებული თევზის იმპორტი განხორციელდა.

ამ პროდუქტის მთავარი მომწოდებელი ჩვენი მეზობელი სახელმწიფო თურქეთია, საიდანაც გასულ წელს ქვეყანამ 4,8 მილიონი დოლარის ღირებულების თევზი შემოიტანა.

მართალია, ქვეყნის შიდა წარმოება ჯერ საკმაოდ მცირეა, თუმცა დონორების მხარდაჭერით საქართველოს უკვე აქვს “საქართველოს აკვაკულტურის მდგრადი განვითარების 2024-2028 წლების სტრატეგია”, რომელიც გასულ წელს დამტკიცდა. სტრატეგიის მთავარ მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი და საერთაშორისო საბაზრო პოტენციალის გათვალისწინებით, “წარმოების იმ სახით გაზრდა, რომ სულ მცირე, დაკმაყოფილდეს ადგილობრივი მოთხოვნა და ამჟამინდელი წლიური წარმოება გაიზარდოს მინიმუმ ხუთჯერ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *