“გაყიდვები დაახლოებით 90%-ით გაგვეზარდა” – მცენარეული ზეთების მწარმოებელი “ხახაბო”

“გაყიდვები დაახლოებით 90%-ით გაგვეზარდა” – მცენარეული ზეთების მწარმოებელი “ხახაბო”

მცენარეული ზეთების მწარმოებელი „ხახაბოს“ დამფუძნებელი, ზაქარია სვიმონიშვილი ამბობს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვები დაახლოებით 90%-ით გაეზარდათ.

საწარმო, რომელიც რამდენიმე სახეობის ზეთს, მათ შორის სელის, გოგრის თესლის, სეზამის, კვლიავის, ნიგვზის და ჩიას ცივად დაწურულ ზეთს აწარმოებს, მომხმარებელს პროდუქციას ამ ეტაპზე მხოლოდ ონლაინ გაყიდვებით სთავაზობს, სამომავლოდ კი, პროდუქცია სააფთიაქო ქსელებში გამოჩნდება, რაც სვიმონიშვილის თქმით, ფარმაკოქიმიის ინსტიტუტთან ერთად დაწყებული წარმოების შედეგი იქნება.

„ჩვენი კომპანია და სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი ვგეგმავთ ერთობლივ წარმოებას. საწარმო უკვე გავხსენით, მალე ერთობლივი პროდუქტი გვექნება. პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ სელის, ჩიას და შავი კვლიავის ზეთები ვაწარმოოთ, რომელიც შევა სააფთიაქო ქსელში.

ჩვენი წარმოებული ზეთები გადის საკვებ დანამატში, ამიტომაც გადავწყვიტეთ რომ თავდაპირველად სააფთიაქო ქსელში შეგვეტანა. შემდეგ კი ვფიქრობთ, რომ ქსელურ მაღაზიებშიც შევიტანოთ“, – აღნიშნა „ხახაბოს“ დამფუძნებელმა bm.ge-სთან ინტერვიუში.

ერთობლივი საწარმო ვაშლიჯვარში მდებარე ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა, რომელიც გასულ თვეს ოფიციალურად გაიხსნა. მის ასამოქმედებლად დაახლოებით 100 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო.

„სელის მარცვალი იმათია და წარმოება ჩვენი. ეს არის ჩვენი შეთანხმება. სელის მარცვალს სამედიცინო ინსტიტუტი აწარმოებს. ჯერ არ ვიცით, რა რაოდენობის ზეთს ვაწარმოებთ, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რა რაოდენობაც იქნება საჭირო აფთიაქებში“, – აღნიშნა ზაქარია სვიმონიშვილმა.

მისივე თქმით, ერთობლივი წარმოების პარალელურად, „ხახაბო“ გააგრძელებს ვარკეთილში მდებარე საწარმოს ოპერირებას, თუმცა ეტაპობრივად იგი სრულად ფარმაკოქიმიის ინსტიტუტთან ერთად ერთობლივ წარმოებაზე გადავა.

ამ ეტაპისთვის თვეში „ხახაბოს“ დაახლოებით 700-800 ბოთლის ზეთი იყიდება. რაც შეეხება ნედლეულს, სვიმონიშვილის თქმით, გოგრა, ნიგოზი და ნუში არის ქართული. ხოლო სეზამი და ჩია ეგვიპტიდან შემოაქვთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *