როგორც უცხოური მედია იტყობინება, შაბათს, ადგილობრივი დროით ნაშუაღამევს, ინდოეთმა საჰაერო იერიში მეზობელი ქვეყნის სამ სამხედრო ბაზაზე მიიტანა. პაკისტანური არმიის განცხადებით, მათ ინდური დრონების უმრავლესობის განეიტრალება შეძლეს.
მოგვიანებით პაკისტანმა დაადასტურა, რომ ინდოეთის წინააღმდეგ საპასუხო სამხედრო ოპერაციას იწყებდა, სახელწოდებით “ტყვიის კედელი”. ისლამაბადს არ დაუკონკრეტებია, ინდოეთის რომელი სამხედრო ბაზები იყო მისი სამიზნე.
სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრები ადგილიდან, რომლებშიც ჩანს, რომ პაკისტანში – ნურ-ხანის, მურიდისა და შორკოტის სამხედრო ბაზებზე აფეთქებებს პაკისტანის მოსახლეობაში პანიკა მოჰყვა. ინდოეთის მიერ ამ სამი ბაზის დაბომბვა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე კონფლიქტის ყველაზე მწვავე ესკალაციაა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია გავრცელებული არ არის.
დრონებით იერიშების შემდეგ, ორივე ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ კონფლიქტის ესკალაციას არ აპირებენ, თუ მეორე მხარეც უარს იტყვის ამაზე. კონფლიქტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანიც გამოეხმაურა და ინდოეთისა და პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრებს დეესაკალაციისა და პირდაპირი კომუნიკაციისკენ მოუწოდა. განცხადება გაავრცელეს დიდი შვიდეულის ქვეყნებმაც, რომელშიც ისინი აღნიშნავენ, რომ ვითარების გამწვავება რეგიონში ომის რისკებს აჩენს.
ინდოეთსა და პაკისტანს შორის სამხედრო ოპერაცია მიმდინარე კვირის ოთხშაბათს დაიწყო, როდესაც ინდოეთმა პაკისტანის სამხედრო ბაზებზე საჰაერო იერიში მიიტანა. ოთხშაბათიდან დღემდე კონფლიქტს სულ მცირე 48 ადამიანი ემსხვერპლა ორივე ქვეყანაში.
ინდოეთის თავდასხმას წინ უსწრებდა ქვეყნის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირში, ტურისტულ კურორტზე ინდუსებისკენ მიმართული შეიარაღებული თავდასხმა, რომელსაც 26 ადამიანი ემსხვერპლა. ინდური პოლიცია ამტკიცებს, რომ თავდამსხმელები პაკისტანის მოქალაქეები იყვნენ, თუმცა მათი ვინაობა უცნობია. პაკისტანი მომხდართან კავშირს უარყოფს.