349 ხმა წარმომადგენელთა პალატაში – რა პროცედურები დარჩა MEGOBARI act-ს და როგორია მოლოდინები?

349 ხმა წარმომადგენელთა პალატაში – რა პროცედურები დარჩა MEGOBARI act-ს და როგორია მოლოდინები?
გასულ კვირაში MEGOBARI act-ი 349 ხმით მიიღეს 42-ის წინააღმდეგ. წარმომადგენელთა პალატაში მიღებული კანონპროექტი საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში პირველი გადაწყვეტილებაა.

MEGOBARI act-ი ერთი მხრივ ითვალისწინებს დემოკრატიულ უკუსვლასა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ინტერესების გატარებაზე პასუხისმგებელი პირების სანქცირებას, მეორე მხრივ კი, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილების შემთხვევაში საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობასაც დებს.

რამდენად არის ტრამპის ადმინისტრაციაში “ოცნების” სანქცირების პოლიტიკური ნება, ეს ევროპულ-ქართული ინსტიტუტის დამფუძნებელს გიორგი მელაშვილს ვკითხეთ. მელაშვილი BMG-სთან ამბობს, რომ ვაშინგტონში ეს ნება არსებობს და კანონპროექტის მომზადებაში ჩართული იქნებოდა აღმასრულებელი ხელისუფლებაც სახელმწიფო დეპარტამენტისა და ხაზინის სახით.

“ოცნებისთვის” MEGOBARI act-ი არის ძალიან პრობლემური, რთული და მძიმე. კონკრეტულ თარიღზე ლაპარაკი რთულია, თუმცა რადგანაც წარმომადგენელთა პალატაში მეგობარი აქტი დაჩქარებული იყო, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის ასევე დაჩქარდება სენატში. საუბარია 2-3 კვირაზე, შემდეგ ასევე სავარაუდოდ დაჩქარდება და ხელმოწერილი იქნება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ”, – ამბობს გიორგი მელაშვილი.

თავის მხრივ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მკვლევარი შოთა ღვინერია არ გამორიცხავს, კანონპროექტის მიღების პროცესი გაიწელოს ან გადაიდოს, რადგან საქართველო ამერიკისთვის სტრატეგიული პარტნიორობის შეწყვეტის შემდეგ, ძველებურად პრიორიტეტული აღარაა.

“ვფიქრობ, არის დიდი შანსი წლის ბოლომდე გაიწელოს სენატში მისი დამტკიცება. ისევ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ვერ იქნება აშშ-სთვის უმთავრესი პრიორიტეტი. თუმცა საბოლოო ჯამში ეს შეუქცევადი პროცესია და აქტი დამტკიცდება. საბოლოოდ ეს იქნება აქტი, რომელიც “ქართული ოცნების” ე.წ არალეგიტიმური ხელისუფლებისთვის გახდება მათი ხელისუფლებიდან წასვლის შეუქცევადი წინაპირობა, რადგან ამ აქტის დამტკიცების შემდეგ ისინი ვეღარ შეძლებენ სრულფასოვანი მოთამაშე იყვნენ საერთაშორისო არენაზე”, – ამბობს ის BMG-სთან.

გიორგი მელაშვილის აზრით, საქართველოს მიმართ აშშ-ის სტრატეგიული ინტერესები ჯერ კიდევ არსებობს მათ შორის ანაკლიის პორტზე. ეს ინტერესები ხელისუფლების ტრანზიციის დროს შესაძლოა მინელდა, მაგრამ არსად გამქრალა.

წარმომადგენელთა პალატაში ანაკლიის პორტზე, შუა დერეფანსა და ცენტრალური აზიიდან მინერალების მიღებაზე ისაუბრა MEGOBARI act-ის ავტორმა, რესპუბლიკელმა ჯო უილსონმაც.

“[ქართულმა ოცნებამ] უარყო ამერიკული კომპანიების შეთავაზება სტრატეგიული ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ, ჩინეთის კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ. აშშ-ის მიერ 100 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ყველა მსხვილი სამშენებლო კონტრაქტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ან მასთან აფილირებულ კომპანიებს, ანუ ჩინეთის კომუნისტური პარტიის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიებს გადაეცა. ეს ბლოკავს ამერიკას „შუა დერეფნიდან“ და უწყვეტს კრიტიკულად მნიშვნელოვან მინერალებზე წვდომას ცენტრალურ აზიაში, რომლის შემადგენელ ქვეყნებსაც ასევე სურთ, იყვნენ ამერიკისა და დასავლური ცივილიზაციის მეგობრები”, – თქვა მან 6 მაისს წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას.

წარმომადგენელთა პალატის შემდეგ, ახლა ჯერი კონგრესის ზედა პალატაზე, სენატზეა. სანამ კანონპროექტი ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტამდე მიაღწევს, სენატმაც უნდა დაამტკიცოს. აღსანიშნავია, რომ სენატში კანონპროექტის დასახელება შეიცვალა და საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველ აქტად იქცა. სახელის ცვლილების მიუხედავად, თუ MEGOBARI act-ს სენატი მიიღებს და შემდეგ დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს, სანქციების გარდა აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები სრულად გადაიხედება, დახმარებების ჩათვლით.

უშუალოდ კანონპროექტში იმ პირთა ჩამონათვალი არ არის, ვინც მისი მიღების შემთხვევაში უნდა დასანქცირდეს, თუმცა ჯო უილსონმა X-ზე გამოაქვეყნა იმ პირების ჩამონათვალი, რომლებიც მისი თქმით, ივანიშვილს სახელმწიფოს მიტაცებაში ეხმარებიან. მათ შორის არიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მოსამართლეები, ბიზნესმენები, მედია მენეჯერები და მისი მფლობელები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *