საფრანგეთის პარლამენტის წევრთა ჯგუფმა სამშაბათს განაცხადა, რომ მათ სურთ, ალფრედ დრეიფუსს, საფრანგეთის არმიის კაპიტანს, აღუდგინონ ბრიგადის გენერლის უმაღლესი წოდება.
წარმოშობით ებრაელი დრეიფუსი 1894 წელს გაასამართლეს, დრეიფუსს ბრალად ედებოდა გერმანიის სამხედრო ატაშესთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა და ის გაასამართლეს სასტიკი ანტისემიტური კამპანიის ფონზე.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის გაბრიელ ატალის თქმით, ეს გადაწყვეტილება ასევე იქნება სიგნალი, რომ ანტისემიტიზმთან ბრძოლა გრძელდება დღესაც.
„ანტისემიტიზმი, რომელმაც ალფრედ დრეიფუსი შეიწირა, შორეულ წარსულში არ არის“, – თქვა ატალმა კანონპროექტის განხილვისას.
დრეიფუსი, 36 წლის არმიის კაპიტანი აღმოსავლეთ საფრანგეთის ელზასის რეგიონიდან იყო, 1894 წლის ოქტომბერში ის დაადანაშაულეს გერმანიის სამხედრო ატაშესთვის, ახალი საარტილერიო აღჭურვილობის შესახებ საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში.
ბრალდება ეფუძნებოდა პარიზში მაკულატურაში ნაპოვნი დოკუმენტზე, თითქოსდა დრეიფუსის ხელმოწერას.
დრეიფუსი გაასამართლეს, მტკიცებულებების ნაკლებობის მიუხედავად, მას ბრალი დასდეს ღალატში და მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა. ის გადაიყვანეს „ეშმაკის კუნძულის“ კოლონიაში და საჯაროდ ჩამოართვეს წოდება.
პოლკოვნიკმა ჟორჟ პიკკარტმა, სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელმა, ხელახლა გამოიძია საქმე ფარულად და აღმოაჩინა, რომ დამადანაშაულებელ შეტყობინებაზე სხვა ოფიცრის, ფერდინანდ ვალსინ ესტერჰაზის ხელწერა იყო.
როდესაც პიკკარტმა მტკიცებულებები წარუდგინა საფრანგეთის არმიის გენერალურ შტაბს, ის თავად გააძევეს სამხედრო სამსახურიდან და ერთი წლით დააპატიმრეს, ხოლო ესტერჰაზი გაამართლეს.
1899 წლის ივნისში დრეიფუსი დააბრუნეს საფრანგეთში მეორე სასამართლო პროცესისთვის. იგი ისევ დამნაშავედ ცნეს, თუმცა სასჯელი, სამუდამო პატიმრობა 10 წლით თავისუფლების აღკვეთით შეუცვალეს, მოგვიანებით შეიწყალეს, თუმცა ბრალდებები არ მოუხსნეს.
მხოლოდ 1906 წელს, მრავალი განხილვის შემდეგ, უმაღლესმა სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თავდაპირველი განაჩენი და დრეიფუსი გაამართლა.