კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ “თეგეტა ჰოლდინგი”
Ford-ის პროგნოზით, ტარიფების გამო, ის $1.5 მილიარდს დაკარგავს
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წამოწყებული სავაჭრო ომის ფონზე, ამერიკულმა ავტომწარმოებელმა კონგლომერატმა, Ford-მა მიმდინარე წლის შემოსავლების პროგნოზი გააუქმა და ინვესტორებს შეატყობინა, რომ კომპანია ტარიფებით $1.5 მილიარდის დანაკარგს მიიღებს. როგორც Ford-ის ხელმძღვანელობა განმარტავს, ამჟამად მსოფლიოში არსებული ვითარება სრულიად გაურკვეველი და არაპროგნოზირებადია, ასეთ დროს კი შემოსავლებთან დაკავშირებით
რამის თქმა რთულია, ამიტომ ინვესტორებს კონკრეტული გეგმის მიყოლის იმედი არ უნდა ჰქონდეთ.
Ford-ის ეს გადაწყვეტილება ინვესტორებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან მსგავსი ნაბიჯები სხვა მსხვილმა ავტომწარმოებელმა კომპანიებმაც გადადგეს, რაც ტრამპის პოლიტიკასთან არის დაკავშირებული.
BYD-მ გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში გაყიდვებით Tesla-ს გადაუსწრო
ელექტრომობილების უმსხვილესი ჩინური მწარმოებელი BYD ევროპის ბაზარზე სწრაფად ვითარდება. აპრილში კომპანიამ რეკორდი დაამყარა და გაყიდვების მაჩვენებლით პირველად გაუსწრო Tesla-ს ევროპის ორ უმნიშვნელოვანეს ბაზარზე — გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში. მხოლოდ აპრილში, BYD-მა 380,000-ზე მეტი ახალი ავტომობილი გაყიდა, მათ შორის თითქმის 200,000 იყო სრულად ელექტრული. ამასთან, 79,000-ზე მეტი ავტომობილი ექსპორტზე გავიდა. ექსპორტის მაჩვენებლები 5 თვეა სტაბილურად იზრდება. გერმანიაში, ევროპის უმსხვილეს საავტომობილო ბაზარზე, BYD-ის გაყიდვები 750%-ით გაიზარდა და Tesla-ს გადაასწრო. დიდ ბრიტანეთშიც, აპრილში BYD-მა ოთხჯერ მეტი ავტომობილი გაყიდა, ვიდრე Tesla-მ.
BYD-ის ზრდის ტემპი კიდევ უფრო ძლიერდება – წელს კომპანიამ წამოიწყო ახალი მოდელების სერია, მათ შორის ბიუჯეტური Seagull და პრემიუმ ბრენდი Denza. პროგნოზების თანახმად, 2025 წელს BYD-ის გაყიდვები ევროპაში ორჯერ გაიზრდება და 186,000 ერთეულს მიაღწევს.
Tesla-მ Model Y-ის ახალი, უფრო ხელმისაწვდომი ვერსია გამოუშვა
Tesla-მ Model Y-ის ახალი, უფრო ხელმისაწვდომი ვერსია გამოუშვა, რომელიც უკვე იყიდება ამერიკის ბაზარზე. ეს არის უკანა ამძრავიანი, მანძილის დიდი დიაპაზონის მოდიფიკაცია, რომელიც კომპანიას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრო SUV-ის გამარტივებულ ვარიანტს წარმოადგენს. Tesla-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ახალი მოდელი უკვე დაემატა გაყიდვების სიას და მიზნად ისახავს უფრო ფართო აუდიტორიის მოზიდვას.
მიუხედავად იმისა, რომ სრულამძრავიან ვერსიაში ფასი უცვლელი დარჩა, ახალი მოდელის გამოშვება აშკარად სტრატეგიულ ნაბიჯად განიხილება. ეს ხდება იმ პერიოდში, როცა Tesla-ს გაყიდვები მკვეთრად შემცირდა და კონკურენცია ელექტრომობილების ბაზარზე მნიშვნელოვნად გაძლიერდა. Tesla უკვე წლებია საუბრობს უფრო იაფი მოდელების გამოშვებაზე, თუმცა სხვადასხვა მიზეზით ამ გეგმებს ხშირად უწევდა გადავადება. Model Y-ის ახალი ვერსია შესაძლოა გახდეს პირველი ნაბიჯი მასობრივი მომხმარებლისთვის გათვლილი პროდუქტის მიმართულებით.
კომპანია მეორე კვარტალის ფინანსურ შედეგებს ივლისში გამოაქვეყნებს — მაშინ გამოჩნდება, როგორ იმოქმედა ახალმა სტრატეგიამ გაყიდვებზე.
EV4 – Kia-ს პირველი ელექტრო სედანი
სამხრეთ კორეული მწარმოებელი Kia ელექტრომობილების ხაზის გაფართოებას განაგრძობს. კომპაქტური SUV EV3 არაერთ ბაზარზე გაყიდვების ლიდერი გახდა, EV5 კი ავსტრალიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოდელად ყალიბდება, ხოლო მალე ბრენდს პირველი ელექტრო სედანი, EV4 შეემატება. Kia EV3-მა კორეულ ბაზარზე თავიდანვე მოიპოვა წარმატება, რაც ევროპაში გაყიდვების შედეგებშიც აისახა. ბრენდის თქმით, 2025 წლის პირველ კვარტალში EV3-ის გაყიდვებმა Kia-ს ელექტრომობილების სრული გაყიდვების 64% შეადგინა.
ახლად წარდგენილი EV4 – ეს არის Kia-ს პირველი სრულად ელექტრო სედანი და ჰეჩბეკი, რომელიც კორეაში უკვე იყიდება. მოდელი მალე ევროპაშიც გამოჩნდება, ხოლო აშშ-ში გაყიდვები დაგეგმილია 2026 წლიდან. EV4 აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, კომფორტული ინტერიერით და მაღალი გამავლობით. გარდა ვიზუალური მიმზიდველობისა, მას აქვს Tesla-ს Supercharger ქსელთან თავსებადი პორტი, რაც ამერიკის ბაზარზე უპირატესობად ითვლება.
რაც შეეხება კომპანიის სტრატეგიას, Kia აძლიერებს პოზიციას გლობალურ ელექტრომობილების ბაზარზე. EV3, EV4 და EV5 ქმნიან ახალ ტალღას, რომელიც ხელმისაწვდომ ფასს, დახვეწილ დიზაინს და მაღალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს აერთიანებს. ეს მოდელები უკვე ცვლიან თამაშის წესებს ისეთ ბაზრებზე, როგორიცაა ევროპა, კორეა, ავსტრალია და მალე აშშ-ც.
Volonaut Airbike – მფრინავი მოტოციკლი 200 კმ/სთ სიჩქარით
წლებია მსოფლიო მფრინავი ავტომობილებისა და მათ შორის, მფრინავი ტაქსების გამოჩენას ელოდება. თუმცა მანამ, სანამ ტაქსები გამოჩნდებოდნენ, ერთ-ერთმა ევროპელმა ანტრეპრენერმა მფრინავი მოტოციკლი წარადგინა, რომელიც საცობებში გადაადგილების ყველაზე სწრაფი საშუალება გახდება.
Volonaut Airbike-ის იდეა პოლონელ ტომაშ პატანის ეკუთვნის. მფრინავი მოტოციკლის ავტორის განცხადებით, Volonaut Airbike 200 კმ/სთ-ს ავითარებს, ხოლო კომპიუტერის საშუალებით გაუმჯობესებული სტაბილიზაციის სისტემა მძღოლისთვის მართვას ამარტივებს. კომპანიის ვებგვერდის თანახმად, მოტოციკლის წონის შესამცირებლად, კარბონი და 3D-პრინტერზე დაბეჭდილი ნაწილებია გამოყენებული. მოტოციკლი საშუალოდ შეიძლება დაახლოებით 272 კგ-ს იწონიდეს, Airbike-ის წონა კი, 39 კილოგრამია.
Volonaut-ის ვებსაიტზე განთავსებული სამი ვიდეო Airbike-ს მოძრაობაში გვიჩვენებს, უკეთესი სურათის აღსაქმელად. ამ ეტაპზე უცნობია, როდის ჩაეშვება Airbike გაყიდვაში ან რა იქნება მისი ღირებულება.