სალომე სამადაშვილის განცხადება თბილისში პოლიტიკური დისკუსიის თემაა. სამადაშვილმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ მოქალაქეების ნაწილი არჩევნების შედეგებს 2020 წელსაც აპროტესტებდა, თუმცა მაშინ ევროკავშირს სხვა განწყობები ჰქონდა, დღეს კი “ქართული ოცნების” დემოკრატიულ მანდატთან დაკავშირებით ევროკავშირში სხვა შეხედულებებია და ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს.
გარე ძალების და არა ქართველი ხალხის ინტერესების მსახურების კიდევ ერთი დასტური – ასეთია სამადაშვილის განცხადებაზე მმართველი გუნდის შეფასება.
განმარტება გაკეთდა “ლელო – ძლიერი საქართველოს” წევრების მიერ. სალომე სამადაშვილის განცხადებას იზიარებენ მისი თანაგუნდელები. მის პოლიტიკურ გუნდში ამბობენ, რომ ვიდრე პროტესტი იქნება აქტიური, ქვეყანას დასავლეთისგან მხარდაჭერა ექნება.
“დელეგიტიმურებული ეს ხელისუფლება არის ხალხის მიერ, იმიტომ, რომ საზოგადოება პროტესტში დგას უკვე 170 დღეა. ეს პროტესტი განსაზღვრავს იმას, რომ საქართველოს დემოკრატიას, ჩვენს სუვერენიტეტს აქვს მხარდაჭერა ქვეყნის გარედან ჩვენი პარტნიორების – შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მიერ. ჯაჭვი არის ეს, სანამ ეს პროტესტი იქნება აქტიური, მანამ მხარდაჭერა გვექნება დასავლეთისგან. შესაბამისად, შედარებაშიც ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ შედარებაც ხომ ამას ამბობს. პროტესტმა მაშინ რაღაც კრიზისი ნახა, პროტესტი აღარ მიდიოდა რაღაც წერტილის იქით. პროტესტის მასშტაბი დღეს და პროტესტის მასშტაბი მაშინ არ იყო ერთი და იგივე, ცალსახად,” – აღნიშნა “ლელო – ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, თაზო დათუნაშვილმა.