“ქართული აგროპროდუქტი” ექსპორტს ავითარებს – რა გეგმები აქვს კომპანიას?

“ქართული აგროპროდუქტი” ექსპორტს ავითარებს – რა გეგმები აქვს კომპანიას?

ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია “ქართული აგროპროდუქტი” ექსპორტის გაფართოებაზე მუშაობს. ამის შესახებ კომპანიის მმართველმა პარტნიორმა სოსო მანჯავიძემ BM.GE-სთან ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, მათი ექსპორტის წილი მთლიან გაყიდვებში 70%-ს შეადგენს და ისეთ ბაზრებზე გააქვთ პროდუქცია, როგორიცაა აშშ, საფრანგეთი, უკრაინა და გერმანია. ამასთან, ნიმუშები გაგზავნილი აქვთ საუდის არაბეთში და პირველ პარტიას მალე გაგზავნიან.

“წარმოების 70% ექსპორტზე გაგვაქვს, კერძოდ აშშ-ს, საფრანგეთის, უკრაინის, გერმანიისა და სხვადასხვა ბაზრებზე. გარდა ამისა, ნიმუშები გაგზავნილი გვაქვს და პირველ პარტიას გავაგზავნით არაბეთში. ამას გარდა, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე ქვეყანასთან, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტულ ქვეყნებს ვერ დავასახელებთ”, – ამბობს სოსო მანჯავიძე.

აღსანიშნავია, რომ წელს, პირველ სამ თვეში ნატურალური წვენებიდან მიღებული შემოსავლები გაიზარდა. კომპანიის მმართველი პარტნიორი აღნიშნულს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოში ბევრი ნატურალური წვენების მწარმოებელი საწარმო გაიხსნა, რომლებიც მონაწილეობას ბევრ საერთაშორისო გამოფენაში იღებენ.

სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ ამ გამოფენებზე საწარმოებს სხვადასხვა სტანდარტის დაკმაყოფილებას სთხოვენ. დაკმაყოფილებული სტანდარტი, გაზრდილ ხარისხს გულისხმობს, რაც საერთაშორისო ბაზარზე პროდუქტის ფასს ზრდის.

“ევროპისა და აშშ-ს ბაზრებზე საწარმოებს სხვადასხვა დანერგილ სტანდარტებს სთხოვენ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, HACCP-ის სტანდარტია. თუმცა, ბოლო პერიოდში გამოფენებზე აქტიურად გვთხოვენ, FSSC-ის სტანდარტის დაკმაყოფილებას. შესაბამისად, როდესაც კომპანიები ამ პროცესებს მიმართავენ და ამ სტანდარტების დანერგვა ხდება, მათ საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები აქვთ. სტანდარტის დაკმაყოფილებასთან ერთად, ბუნებრივია, მზარდია პროდუქციის ფასიც“, – აცხადებს “ქართული აგროპროდუქტის” მმართველი პარტნიორი და დასძენს, რომ მართალია საქართველო რომელიმე ბაზარს რაოდენობით ვერ გაეჯიბრება, თუმცა ქვეყნისთვის მთავარი მიმართულება მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება უნდა იყოს.

ინფორმაციისთვის, საქართველოში წელს, 3 თვეში ნატურალური წვენების ექსპორტი მცირედით შემცირდა, ხოლო შემოსავალი გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ფასები მზარდია. უფრო კონკრეტულად, საქსტატის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველომ 2025 წლის პირველ 3 თვეში 4,812 ტონა ნატურალური წვენი გაყიდა, საიდანაც $8,7 მლნ-ის შემოსავალი მიიღო. მაშინ როდესაც, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში, საქართველოს $7,7 მლნ-ის 4,864 ტონა ნატურალური წვენი ჰქონდა გაყიდული. წელს ქვეყნისთვის მთავარი სავაჭრო ბაზარი გერმანიაა. ამ ბაზარზე 3 თვეში $5,2 მლნ-ის ღირებულების 2,366 ტონა ნატურალური წვენი გავყიდეთ. აღსანიშნავია, რომ მთლიან ნატურალური წვენების ექსპორტში გერმანიის ბაზარი 49.1%-ს შეადგენს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *