დონალდ ტრამპის საემიგრაციო მისია აშშ-ის მოსახლეობას $330 მილიონი დაუჯდა

დონალდ ტრამპის საემიგრაციო მისია აშშ-ის მოსახლეობას $330 მილიონი დაუჯდა
აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთ საზღვარზე ტრამპის საემიგრაციო მისია და გუანტანამოს ყურეში დაკავებების სერია აშშ-ის გადასახადების გადამხდელებს $330 მილიონი დოლარი დაუჯდათ. ამის შესახებ ABC News კონგრესის სხდომაზე გაჟღერებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

მედიის ინფორმაციით, აშშ-დან დეპორტირებული ადამიანების გადაფრენა და გუანტანამოს ციხეში (რომელსაც მაქსიმუმ რამდენიმე ასეული პატიმრის დატევა შეუძლია) მათი დაკავება $40 მილიონამდე დაჯდა. ამჟამად გუანტანამოს ციხეში რამდენიმე ათეული პატიმარი რჩება, ზუსტი რაოდენობა უცნობია, ისევე როგორც ზუსტი ხარჯები, რომელსაც აშშ-ის ფედერალური მთავრობა საიმიგრაციო ოპერაციისთვის სწევს.

მოსალოდნელია, რომ საემიგრაციო მისიის ხარჯები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მთავრობა საზღვარზე მორიგე ძალების რაოდენობის ზრდას გეგმავს. ამჟამად აშშ-მექსიკის საზღვარზე 10 000-ზე მეტი ოფიცერია დასაქმებული.

ABC-ის ინფორმაციით, 2025 წლის 12 მარტამდე სამხედრო სერვისებმა სასაზღვრო მისიის მხარდასაჭერად $328.5 მილიონი გაიღეს, რაც სადეპორტაციო სპეცრეისების დანიშვნასა და საზღვარზე დამატებითი პერსონალის გაწვევას მოხმარდა. ამ თანხიდან $289.2 მილიონი სასაზღვრო უსაფრთხოების კონტროლზე, $39.3 მილიონი კი გუანტანამოს ყურის ოპერაციაზე დაიხარჯა.

იმის გათვალისწინებით, რომ გუანატანამოში გაგზავნილ მიგრანტთა რაოდენობა რამდენიმე ასეულს არ აღემატებოდა, დანახარჯები კოლოსალურია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპი გუანტანამოს ყურეში მოწყობილ ბანაკებში 30 000-მდე არალეგალის გაგზავნაზე საუბრობდა.

ტრამპმა არალეგალი მიგრანტების გუანტანამოს ყურეში გადაყვანის ბრძანებას ხელი 29 იანვარს მოაწერა და განაცხადა, რომ ამ ტერიტორიას ძალიან ბევრი ადამიანის მიღება შეუძლია. თუმცა რამდენიმე თვეში მიგრანტებისთვის მხოლოდ 195 კარავი მოეწყო, რომლებსაც 500-მდე ადამიანის მიღება შეუძლიათ. მეტიც, აღნიშნული კარვები ამერიკის საიმიგრაციო სამსახურის (ICE) სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, რის გამოც მათ საერთოდ არ იყენებენ.

ICE-ის ვებსაიტის თანახმად, ჩარტერული რეისები, რომელსაც სამსახური მიგრანტების გადასაყვანად ასრულებს, საათში $8577 ჯდება. თუმცა თვითმფრინავები – C-130Js და C-17s – რომლებიც მიგრანტთა გუანტანამოში გადასაყვანად გამოიყენეს, გაცილებით ძვირი, შესაბამისად $20 000 და $28 500 ჯდება. იმის გათვალისწინებით, რომ მიგრანტები ტრანსპორტირების დეპარტამენტს ჰონდურასში, გვატემალაში, ეკვადორში, პერუში, ინდოეთსა და პანამაშიც გადაჰყავთ, სპეცრეისების ხარჯები კოლოსალურია.

ტრამპის ბრძანებით, 30 000 მიგრანტს გუანტანამოს ციხეში გადაიყვანენ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *