გიორგი ხელოვნების მასწავლებელია მე-6 საავტორო, ათასწლეულისა და საერთაშორისო ქართულ სკოლებში; კრეატივის სკოლაში ასწავლის იდეების პრეზენტაციას, მამების სკოლაში – როგორ გახდნენ მამები უკეთესები, ასევე ონლაინ ასწავლის ქართულს ქართველ ემიგრანტებს ამერიკასა და აზიაში. აქვს დამატებით YouTube–არხი და საავტორო გადაცემა ბავშვებისთვის -„ლიპარასკეობა“.
“თუ გაჩერდები, ერთხელ ფეხს თუ აურევ, შეიძლება გადაგეხლართოს ფეხი, წაბორძიკდე და წაიქცე. იმაზე მეტი სამსახური მაქვს გამოცდილი და გამოცვლილი, რამდენი წლისაც ვარ. ბავშვობაში მუშაობის სიმორცხვე მქონდა, მაგრამ თან ვიყავი ბედნიერი, რომ შრომით საკუთარ სწავლას ვაფინანსებდი. ჩემს ძმას რომ პირველად რაღაც ვუყიდე, ვიტირე სიხარულით, ბავშვი ვიყავი და ეს რომ თავად მე შევძელი, ეს იყო ბედნიერების ნაწილი და ეს ძალა წამომყვა მერეც”, – აღნიშნავს გიორგი.
ამბობს, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია არასდროს არის გვიანი. ის საკუთარ თავს მოსწავლებელს ეძახის – მუდმივი სწავლისა და თვითგანვითარების გზაზე შეუძლებელია მიღებული ცოდნით დაკმაყოფილდე. ყოველთვის ახალი აღმოჩენებისკენ სწრაფვა არის ის, რაც გვეხმარება, განათლების გზაზე არ გავჩერდეთ.
„მე გვიან დავიწყე ფეხბურთის თამაში, გვიან დავიწყე ინგლისურის სწავლა. გვიან ვგულისხმობ, რომ ასაკით გვიან, თორემ არასდროსაა სწავლა გვიან და ყოველთვის შეიძლება მიიღო განათლება, ნელა აკეთო რაღაც საქმე, მაგრამ მაინც აკეთო და არ გაჩერდე. სულ დამაქვს წიგნი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შევძლებ წაკითხვას, იქნებ გამოჩნდეს დრო, თვალს ჩავკრავ, მეგობარივითაა, მინდა, ჩემთან იყოს ახლოს“, – ამბობს გიორგი და აღნიშნავს, „როცა მოსწავლეები შეცდომას უშვებენ, ხშირად ამბობენ ხოლმე “არ გამოდის, მას!”– მე ვპასუხობ, რომ ეს თუ არის ჩიხი და თუ შესავალია, აუცილებლად ექნება უკან გამოსავალი“.
საქართველოს ბანკი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მასწავლებლების მხარდაჭერას განაგრძობს. ფინანსური ინსტიტუტის მიერ განხორციელებული და მხარდაჭერილი საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge