მტკვარში მიმდინარე სამაშველო სამუშაოების გამო წყლის დონე დაიწევს – შსს-ს განცხადება

მტკვარში მიმდინარე სამაშველო სამუშაოების გამო წყლის დონე დაიწევს – შსს-ს განცხადება
უწყების ცნობით, თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომობილი, რომელშიც რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა, მდინარე მტკვარში გადავარდა.

შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაიწყო ძებნა-სამაშველო სამუშაოები. მეხანძრე-მაშველებმა წყლიდან ერთის უვნებლად ამოყვანა შეძლეს.

ამ დროისთვის გრძელდება ავტომობილში მყოფი სხვა პირების ძებნა. ოპერაციაში ჩართულია მყვინთავთა ჯგუფი, წყლის სამაშველო საშუალებები და სპეციალური ტექნიკა.

“საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება, რომ სამაშველო სამუშაოების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის დროებითი დაწევა ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის ცვლილებასთან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და თავი შეიკავონ ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფის მიმდებარედ გადაადგილებისგან, სანამ სამაშველო სამუშაოები დასრულდება”, – წერია განცხადებაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *