რა კრიტერიუმებით აფასებენ მომხმარებლები მომსახურების ხარისხს საქართველოში? – ACTR-ის კვლევა

რა კრიტერიუმებით აფასებენ მომხმარებლები მომსახურების ხარისხს საქართველოში? – ACTR-ის კვლევა

„ეისითი” კვლევის (ACTR) – „საქართველოში სერვისების ხარისხი და მომხმარებლის გამოცდილება“ მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მიერ მომსახურების ხარისხის შეფასების მაჩვენებელი გაიზარდა. წელს მომხმარებელი მომსახურების ხარისხს საშუალოზე მაღალი ქულით აფასებს: 10-ბალიანი სკალით 7.04 ქულა, რაც 2023 წელთან შედარებით 0.4 ქულით (2023: 6.64 ქულა) გაზრდილია.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა მომსახურების ის სფეროები, რომლებმაც მაღალი ან შედარებით დაბალი შეფასება მიიღეს. კმაყოფილების მიხედვით TOP-3 ლიდერ სფეროებს შორის არის სააფთიაქო მომსახურება, გასართობ-შემეცნებითი მომსახურებები და სილამაზისა და თავის მოვლის მომსახურებები.

ყველაზე ნაკლები კმაყოფილება კი მომხმარებელს ჯანდაცვის სფეროში საავადმყოფოების, კლინიკების და ლაბორატორიების მომსახურებაში, ასევე სადაზღვევო მომსახურებაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და სუპერმარკეტებში, ჰიპერმარკეტებში, მინიმარკეტებში, მაღაზიებსა და მოლებში მიღებული მომსახურებაშია.

„ამ ყველაფრის ფონზე საინტერესო იყო შეგვესწავლა, რას აფასებს მომხმარებელი მომსახურების მიღებისას“ – აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

მომხმარებელი მომსახურების შეფასებისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს:

  • მომსახურე პერსონალის თავაზიანობა და ყურადღებიანობა — 42%
  • კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი — 18%
  • სისწრაფე და ოპერატიულობა — 9%

აღსანიშნავია, რომ ეს პრიორიტეტები 2023 წელთან შედარებით უცვლელია, რაც მათ სტაბილურობაზე მიუთითებს. ამ მონაცემების გათვალისწინება მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ მომხმარებელთა ლოიალურობის დონის ამაღლებას და ბაზარზე პოზიციური უპირატესობის მოპოვებას.

ACTR-მა სატელეფონო გამოკითხვა საქართველოს მასშტაბით შემთხვევითი შერჩევის გზით, 804 ზრდასრულ მოსახლეს შორის ჩაატარა. გამოკითხვა მიმდინარეობდა 2025 წლის 22-26 აპრილს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება, საშუალოდ, არ აღემატება 3.5%-ს.

მოცემული კვლევა განხორციელდა „ეისითი კვლევის“(ACTR) ინიციატივით, მისი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში, რუბრიკაში „მომხმარებლის ხმა“.

ACTR-ის CSR პოლიტიკა ეფუძნება საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ მიდგომას და დროული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მონაცემების გენერირებას საზოგადოებრივი საკითხების უკეთ გასააზრებლად. ამ მიზნით, ACTR პერიოდულად ახორციელებს საზოგადოებრივი აზრის კვლევებს ოთხი ძირითადი მიმართულებით:

„საზოგადოების ხმა“ – სოციალური და სამოქალაქო განწყობების შესწავლა;
„მომხმარებლის ხმა“ – მომხმარებლური ქცევებისა და საჭიროებების ანალიზი;
„ბიზნესის ხმა“ – კერძო სექტორის ტენდენციებისა და მოლოდინების კვლევა;
„ციფრული ტრენდები“ – ტექნოლოგიური და ციფრული ცვლილებების მონიტორინგი.

ინიციატივის მიზანია გააუმჯობესოს მონაცემებზე ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყოს ინფორმირებულ, საზოგადოებრივ ინტერესებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებების მიღებას როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.

ACTR უზრუნველყოფს მონაცემების გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობას — როგორც საზოგადოებრივი ღირებულების შექმნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *