ბრჭყვიალა ღვინო “ციალი” ექსპორტზე ჰონგ-კონგში გავიდა

ბრჭყვიალა ღვინო “ციალი” ექსპორტზე ჰონგ-კონგში გავიდა

ღვინის ქართული ბრენდი „ციალი“ ახალ ეტაპზეა – ბრჭყვიალა ღვინო, რომელსაც მეღვინეობა „ფერადი გრადუსი” აწარმოებს, ჩინეთში, კერძოდ კი ჰონგ-კონგში ექსპორტზე გავიდა.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, 6000 ბოთლი ვარდისფერი „ციალი“ ჰონგ-კონგის მიმართულებით უკვე გზაშია და სულ მალე “ციალის” დაგემოვნებას აზიაშიც შეძლებენ.

“მსხვილ ექსპორტიორებთან მოლაპარაკებები აქტიური ფაზიდან დასკვნით ეტაპზე გადავიდა. პირველ ჯერზე ჰონგ-კონგში ვარდისფერი ღვინო გავუშვით, მომეევნო თვეში კი უკვე ლურჯი და ქარვისფერი ღვინის ექსპორტი დაიწყება. აზიურ ბაზარზე ქართულ ღვინოზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, ამ ეტაპზე ჯამში 6 000 ბოთლი გავიტანეთ და გეგმაში გვაქვს მიწოდება კიდევ უფრო გავზარდოთ.” ამბობს BMG-სთან ღვინის ბრენდი “ციალის” დამფუძნებელი თორნიკე საური.

მისივე ინფორმაციით, კომპანიამ პირველ ეტაპზე ღვინის 5 000 ბოთლი ჩამოასხა. თუმცა როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო ბაზრების მხრიდან მაღალი მოთხოვნის გამო, წარმადობაც გაიზარდა და დღეს უკვე კომპანია წლიურად 20 000-ზე მეტ ბოთლს ასხამს.

“საექსპორტო ბაზრების მხრიდან დიდი მოთხოვნაა, შესაბამისად, ექსპორტის განვითარების შემდეგ, წარმოების 100%-ით ზრდას ვგეგმავთ. წარმოებული პროდუქციის 60% ექსპორტზე, ხოლო 40%-ის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია მოხდება”, – აცხადებს საური.

რაც შეეხება ახალი ბრჭყვიალა ღვინის მზადების პროცესს, ღვინო კახეთში, ერთ-ერთ ბრენდულ საწარმოში იწარმოება. კომპანია კი ყურძენს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს.

პროდუქციის სახელის, სტრუქტურის, გემოვნური თვისებებისა და ბრჭყვიალის ეფექტის ინსპირაცია სწორედ ჩრდილოეთის ციალსა და ამ ნათებას უკავშირდება.

როგორც კომპანიაში ამბობენ, სიბრჭყვიალისთვის გამოიყენება სპეციალურად ალკოჰოლური სასმელისთვის შექმნილი, ეკოლოგიურად სუფთა ე.წ “გლითერი”, რომელიც კომპანიას აშშ-დან შემოაქვს.

მეღვინეობა „ფერადი გრადუსი” ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მისი წარმოება სრულად ფერადი ღვინოების შექმნაზეა ორიენტირებული. ბრენდი “ციალი” კი ბაზარზე ორი წლის წინ გამოჩნდა და უკვე ღვინის მოყვარულებში დიდი ინტერესი გამოიწვია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *