ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ ქალაქ მარნეულში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა დაათვალიერა.

მისი თქმით, მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოები რამდენიმე წელია მიმდინარეობს, გარკვეულწილად, კონტრაქტორის დაუდევრობით.

„მარნეულის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის მოწყობის სამუშაოები, სამწუხაროდ, არის პრობლემური. უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს და ვფიქრობ, გარკვეულწილად კონტრაქტორის დაუდევრობით. ჩვენ მივეცით კონკრეტული ვადა კონტრაქტორს პრობლემის მოსაგვარებლად და ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება ჩვენი მხრიდან ამის კონტროლი. კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოვუხადო მარნეულის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის. მაქსიმალურად შევეცდებით, უმოკლეს ვადაში დასრულდეს ეს პროექტი“, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მარნეულში წყალმომარაგება-წყალარინების პროექტის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ ვადებთან დაკავშირებით, დღეიდან შემუშავდება კონკრეტული გრაფიკი, რომლის შესახებაც მოსახლეობას დამატებით ეცნობება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ მარნეულში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის პროექტს ახორციელებს.

ინფრასტრუქტურის სამინისტოს ინფომაციით, ქალაქ მარნეულის 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, სრულად განახლდება წყალმომარაგების ქსელი, მოეწყობა თანამედროვე ტიპის სატუმბი სადგურები და ახალი წყლის რეზერვუარები. პროექტი ასევე მოიცავს წყალარინების ქსელისა და კოლექტორის სამშენებლო სამუშაოებს.

2024 წლიდან მიმდინარეობს მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებაზე ეტაპობრივი გადართვა.

სამუშაოების დასრულების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტისა და მიმდებარე 3 სოფლის მაცხოვრებლები 24 საათიანი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგების სისტემით, ხოლო ქალაქი მარნეული, დამატებით, წყალარინების სისტემით იქნება უზრუნველყოფილი.

ასევე, შენდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე ტიპის წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას.

პროექტს აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი დასრულების შემდეგ, საერთო ჯამში, 25 ათასი ბენეფიციარი ისარგებლებს წყამომრაგება-წყალარინების გაუმჯობესებული მომსახურებით.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *