ირაკლი კობახიძის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კობახიძე ასევე შეხვდა სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩს.
კობახიძის პრესსამსახურის ინფორმაციით, სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრისას, მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ორი ქვეყნისა და ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სამართლიანი დამოკიდებულების მნიშვნელობაზე, რაც წესებზე დაფუძნებული წესრიგის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს.
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან საუბარი შეეხო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობას, ასევე ორი ქვეყნის საერთო გამოწვევებს. პრემიერ-მინისტრებმა დაადასტურეს მზადყოფნა პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრისას კი მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის მჭიდრო პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. აღინიშნა, რომ ორმხრივი ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებას შეუწყობს ხელს საქართველო-უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა, რომელიც უახლოეს მომავალში ბუდაპეშტში გაიმართება.
თავად ირაკლი კობახიძემ,ალბანეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა რომ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის ფარგლებში, მას 30-მდე პოლიტიკურ ლიდერთან გასაუბრების შესაძლებლობა ჰქონდა.
“რა თქმა უნდა, ყოველთვის ვეხებით იმ თემებს, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისა და მისი შემდგომი განვითარებისთვის, საქართველოს თანამშრომლობისთვის ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან”, – განაცხადა კობახიძემ.