“ლონდონში გამართული ფორუმი შესაძლებლობაა, დამატებით მოვიზიდოთ პირდაპირი ინვესტიციები” – ლევან ვეფხვაძე
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის შეფასებით, ბიზნესისთვის უაღრესად საინტერესო იყო ლონდონში, საფონდო ბირჟის ორგანიზებით გამართული საინვესტიციო ფორუმი, რადგან ის შესაძლებლობაა, დამატებით მოვიზიდოთ პირდაპირი ინვესტიციები.
როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ლევან ვეფხვაძის მოსაზრებით, ეს ფორუმი მათ შორის იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაიმართა.
„აქ საუბარია არამხოლოდ იმ კომპანიების წარმატებულ ბიზნეს გამოცდილებაზე, რომლებიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე უკვე არიან წარმოდგენილები, ან ბრიტანეთთან რაღაც ტიპის კომუნიკაცია აქვთ ბიზნესის ნაწილში, არამედ საუბარია მომავალზეც – ამ ფორუმზე კომპანიები წარმოადგენენ საკუთარ პროექტებს და იმედი გვაქვს, რომ იქნება დაინტერესება ინვესტორების მხრიდან. აქედან გამომდინარე, გვაქვს შესაძლებლობა, დამატებით მოვიზიდოთ პირდაპირი ინვესტიციები და ამით ეკონომიკაში ძალიან მნიშვნელოვანი კონტრიბუცია განხორციელდეს“ – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.
საქართველოს საინვესტიციო ფორუმს, რომელშიც გაერთიანებული სამეფოს საინვესტიციო კომპანიებისა და საქართველოს ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, ლევან დავითაშვილთან ერთად ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები – გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი ესწრებოდნენ.
ლონდონში, საფონდო ბირჟის ორგანიზებით გამართულ საინვესტიციო ფორუმში, რომელიც საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა, გაერთიანებული სამეფოს საინვესტიციო კომპანიებისა და საქართველოს ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაზე საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა და სხვადასხვა ბიზნეს-სექტორების განვითარების პოტენციალი განიხილეს. ფორუმის ფარგლებში პრეზენტაციები გაიმართა, რომლებიც საქართველოში მოქმედი კერძო სექტორის, მათ შორის ინვესტორთა მხარდამჭერ პროგრამებსა და მექანიზმებს ეხებოდა.