“დღეს რომ საჯარო სექტორში ვიყო, ტურიზმის ბიზნესს ვეტყოდი…“ – რა დაასრულებს ორ რეალობას ტურიზმში?

“დღეს რომ საჯარო სექტორში ვიყო, ტურიზმის ბიზნესს ვეტყოდი…“ – რა დაასრულებს ორ რეალობას ტურიზმში?

“დღეს რომ საჯარო სექტორში ვიყო, ტურიზმის ბიზნესს ვეტყოდი…“ – რა დაასრულებს ორ რეალობას ტურიზმში?

„საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ გვაქვს ორი რეალობა ტურიზმში – რა პრობლემაა, ვაღიაროთ, რომ გვაქვს პრობლემები, რადგან იდეალური არავინ და არაფერია“ – ასე უპასუხა საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა მაია სიდამონიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას ტურიზმის ინდუსტრიაში არსებულ ორ რეალობაზე.

საქმე ის არის, რომ ტურიზმის ინდუსტრიის საკმაოდ დიდი ნაწილი პრობლემებზე საუბრობს, რაც გამოწვეულია ტურისტების არასაკმარისი და თან ნაკლებად მხარჯველუნარიანი სეგმენტით, მეორე მხრივ კი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თავს იწონებს, ჯამურად, საერთაშორისო ვიზიტორების და მოგზაურობიდან შემოსავლების ზრდით.

„გასაგებია, რომ შეიძლება, [ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას კომუნიკაცია აქვს ინდუსტრიის კმაყოფილ წევრებთან, მაგრამ რატომ უნდა დავაიგნოროთ დარგის ის ნაწილი, მცირე და საშუალო თუ მსხვილი ბიზნესი, ვინც უკმაყოფილოა და პრობლემები აქვს?! სწორედ პრობლემის აღიარებაა პირველი ნაბიჯი, რათა ერთობლივად გადავჭრათ. საქმიანი დიალოგი და კომუნიკაცია რომ შედგეს, პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ რეალობა.

მე რომ დღეს ვიყო საჯარო სექტორში, ტურიზმის ბიზნესს ვეტყოდი – „იცით, გასაგებია [თქვენი წუხილი] და ჩვენც გვინდა და ვმუშაობთ, როგორ ჩაანაცვლოთ დაკარგული ბაზრები; ვიზიდავთ ტურისტებს ინდოეთიდან, ჩინეთიდან და კიდევ რა გავაკეთოთ ერთად, რომ მოვიზიდოთ მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტი?! თქვენი აზრით, რა გვჭირდება – რა ტიპის ინფრასტრუქტურა დავამატოთ ან რა მარკეტინგული აქტივობები ჩავატაროთ?! ჩაერთეთ თქვენც, ტურისტული ბიზნესი, ვინც უკმაყოფილო რომ ხართ“… თუმცა ამის ნაცვლად, სამწუხაროდ, გვაქვს დაძაბული სიტუაცია, რადგან ფაქტზე – პრობლემები რომ გვაქვს – არ ვთანხმდებით“, – განაცხადა მაია სიდამონიძემ.

„წერტილთან“ ინტერვიუში მაია სიდამონიძემ შეცვლილ ტურისტულ ბაზარსა და სეგმენტზეც ისაუბრა.

„ფაქტია, ევროპული ბაზრები დავკარგეთ. ფაქტია, ჩვენ გვყავდა ტურისტების ისეთი სეგმენტი, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი იყო საქართველო, როგორც ტურისტული პროდუქტი და არა – როგორც იაფად მოგზაურობის ქვეყანა. როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში, ყველანი ვთანხმდებით, რომ არ ვართ მასობრივი ტურიზმის მიმართულება; ჩვენი პროფილია ნიშური ტურიზმის განვითარება და მოგზაურების ისეთი სეგმენტის მოზიდვა, რომელიც ფასთან მიმართებით არაა სენსიტიური და აქ მხოლოდ იმიტომ არ ჩამოდის, რომ იაფად დაისვენოს“, – აღნიშნა მან.

ინფორმაციისთვის: მაია სიდამონიძე თბილისში სასტუმრო „ტერასას“ ფლობდა და მართავდა, თუმცა როგორც „წერტილთან“ ინტერვიუში თქვა, ოჯახმა სასტუმროს დახურვის და აქტივის იჯარით გაცემის გადაწყვეტილება მიიღო.

„მართალია, სეზონზე სასტუმროს დატვირთვის პრობლემა არ გვქონდა, რადგან 26-ნომრიანია, მაგრამ დიდმა კონკურენციამ, არასაკმარისმა ტურისტმა და სხვა გარემოებებმა გამოიწვია ფასების შემცირება, რის გამოც სასტუმრო ხარჯებს ვერ ფარავდა; მოგებაზე არც ვსაუბრობ“, – დასძინა მაია სიდამონიძემ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *