ნათია თურნავა: ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული ბანკების აქციების მიმართ ძალიან დიდი ინტერესი

ნათია თურნავა: ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული ბანკების აქციების მიმართ ძალიან დიდი ინტერესი

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული წამყვანი ბანკების აქციების მიმართ ძალიან დიდი ინტერესია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ დიდ ბრიტანეთში, საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა.

თურნავას თქმით, 2024 წელს ყველაზე დიდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყანაში სწორედ ბრიტანეთიდან შემოვიდა და მათ შორის ძირითადად ლონდონის საფონდო ბირჟის საშუალებით.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წელს საინვესტიციო ფორუმს დიდ ბრიტანეთში ლონდონის საფონდო ბირჟა მასპინძლობს. ბევრი ინვესტორი ინტერესდება საქართველოს ბიზნეს გარემოთი და საფინანსო სექტორით, შესაბამისად, ეროვნული ბანკისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ვფიქრობთ რომ კიდევ უფრო მეტ ბრიტანელ ინვესტორს და მეტ ბრიტანულ ინვესტიციას ვიხილავთ საქართველოში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში შემდგარი ბრიტანელი ბიზნესმენები, რომლებსაც უკვე აქვთ ბრიტანული ინვესტიცია განხორციელებული საქართველოში, კოლეგებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და შესაძლებლობებზე პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით უზიარებენ.

„ერთია როცა ხელისუფლება ჰყვება იმ უპირატესობებზე რაც ქვეყანას გაგვაჩნია მაკროეკონომიკური მყარი ფუნდამენტალების თუ მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს სახით და სულ სხვა არის როდესაც ბიზნესი ყველა ამ ისტორიას თავისი პრაქტიკული გამოცდილებიდან ჰყვება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

ლონდონში, წლევანდელ საქართველოს საინვესტიციო ფორუმში სხვადასხვა საინვესტიციო კომპანიებიდან და ჯგუფებიდან 180-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ცნობისთვის, ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიაა დალისტული, მათგან კი ორი ბანკია: “საქართველოს ბანკი” და “თიბისი ბანკი”.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *