“თბილისის ზღვის ზოოპარკის პირველი ნაწილი მომავალ წელს გაიხსნება” – როგორია გეგმები?

“თბილისის ზღვის ზოოპარკის პირველი ნაწილი მომავალ წელს გაიხსნება” – როგორია გეგმები?

“თბილისის ზღვის ზოოპარკის პირველი ნაწილი მომავალ წელს გაიხსნება” – როგორია გეგმები?

თბილისის ზოოპარკის ახალი ლოკაციის პირველი ნაწილი – “კავკასიის ფაუნა”, მომავალ წელს გაიხსნება. ამის შესახებ ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ BMGTV-ს გადაცემაში #BMGDRIVE განაცხადა.

მისი თქმით, ძველი ზოოპარკი ამ დროისათვის კვლავ ფუნქციონირებს და ამ ობიექტზე მხოლოდ მცირედი სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც მაგალითად ვოლიერის განახლებას ან შეკეთებას გულისხმობს. თუმცა აქტიური მშენებლობა არ არის დაგეგმილი, რადგან ძირითადი რესურსები და ძალისხმევა ახალი ზოოპარკის განვითარებისკენაა მიმართული, რომელიც 48 ჰა-ზე, თბილისის ზღვასთან მდებარეობს.

„ძველი ზოოპარკის შენარჩუნება მხოლოდ ვიზუალური იერსახის დაცვას ემსახურება. ძირითადი რესურსი კი ახალი ზოოპარკის მშენებლობისკენაა მიმართული, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზეა განთავსებული“, – აღნიშნა გურიელიძემ.

მისი ინფორმაციით, ახალი ზოოპარკის მშენებლობის მთავარი გამოწვევა ფინანსებია, თუმცა გურიელიძის ცნობით, სხვა პრობლემებიც არსებობს მათ შორის, მსგავსი ტიპის კომპლექსური პროექტების განხორციელებაში გამოცდილების ნაკლებობა. მისი თქმით, მშენებლობაში ძირითადად ქართველები არიან ჩართული, თუმცა საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები ხშირად საჭიროებს პროექტების გადახედვას, რის გამოც სამუშაოები ჭიანურდება.

ის ასევე აღნიშნავს, რომ თბილისის ზღვის ახალი ზოოპარკი ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის (EAZA) წევრობის პროცესშია. სრული წევრობა შესაძლებელი გახდება მხოლოდ მაშინ, როცა შესაბამისი სკრინინგის კომისია ადგილზე ჩამოვა და ობიექტს შეაფასებს. აღნიშნული პროცესი თავდაპირველად მიმდინარე წელს იყო დაგეგმილი, თუმცა მომავალ წლამდე გადაიდო.

„ვგეგმავთ, რომ ზოოპარკის პირველი ნაწილი, “კავკასიის ფაუნა” მომავალ წელს, უახლოეს პერიოდში გავხსნათ. პირველ ეტაპზე, ჯამში 7 მლნ ლარია საჭირო. ამ თანხის გარკვეული ნაწილი უკვე გვაქვს, რომელიც მოხმარდება როგორც ცხოველებისთვის ვოლიერების მოწყობას, ასევე ვიზიტორებისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას. ამ ეტაპზე, გამოწვევებად რჩება წყლის, გაზის, ელექტროენერგიისა და კანალიზაციის უზრუნველყოფა, რომლის მოგვარებასაც იმედი მაქვს, რომ არსებული რესურსი ეყოფა“, – აცხადებს გურიელიძე და დასძენს, რომ ზოოპარკში ახალი სახეობების დამატებაც იგეგმება. მათ შორისაა ჟირაფები, რომლისთვისაც შენობა თითქმის სრულად დასრულებულია და მცირე დეტალებია დარჩენილი. ამასთან, იგეგმება ზაფხულისთვის ღია ვოლიერების მოწყობაც.

გარდა ამისა, სამომავლო პერსპექტივაში ზოოპარკში აკვარიუმის დამატებაც იგეგმება, თუმცა როგორც გურიელიძე ეთერში ამბობს, ის ზოოპარკის ყველაზე ძვირადღირებული პროექტია და გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *