ტრამპის ადმინისტრაციამ კლიმატმეგობრული აგროსექტორისთვის ფერმერების დაფინანსება გაყინა ან სრულად შეაჩერა, რადგან, მათი განცხადებით, ეს მიმართულება ადმინისტრაციის პრიორიტეტებთან თანხვედრაში არ არის, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მეურნეობა აშშ-ის ნახშირბადის ემისიების 11%-ზეა პასუხისმგებელი.
სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა 30 იანვარს თანამშრომლებს მოუწოდა, გაეთიშათ ყველა ვებგვერდი, რომელიც კლიმატის ცვლილებას შეეხებოდა, რაც ასევე მოიაზრებდა ინფორმაციას სესხისა და დაფინანსების შესაძლებლობების, ინვესტიციებისა და კლიმატის პოლიტიკის შესახებ. საპასუხოდ 24 თებერვალს ნიუ-იორკის ფერმერთა ასოციაციამ, ბუნებრივი რესურსების დაცვის საბჭომ და გარემოს დამცველმა ორგანიზაციამ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ წაშლილ ვებგვერდებს აღადგენდა და ამისთვის, დაახლოებით, 2 კვირა დასჭირდებოდა. ეტაპობრივად აღდგა გვერდები, რომლებიც სუფთა ენერგიის პროექტების დაფინანსების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.
“ფერმერები სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ვებსაიტებზე არიან დამოკიდებული, რათა თავიანთი ფერმები გვალვისგან, ხანძრისგან და ექსტრემალური ამინდისგან დაიცვან. მზად ვართ დავრწმუნდეთ, რომ დეპარტამენტი თავის პირობას შეასრულებს და ყველა კრიტიკულად მნიშვნელოვან რესურსზე წვდომას აღადგენს”, – განაცხადა ასოცირებულმა ადვოკატმა ორგანიზაცია Earthjustice-დან.