ოპოზიციაში დაპირისპირების მიზეზი ისევ თვითმმართველობის არჩევნები გახდა. ყოფილ პრემიერ გახარიას, კოლეგა პარტიები, თავდასხმაში ადანაშაულებენ. მიზეზი ექსპრემიერის მოწოდებაა.
გახარიას გუნდი ადასტურებს, რომ მუნიციპალური არჩევნებისთვის ემზადება და დანარჩენებს მოუწოდებს საკუთარ სტრატეგიაზე ღიად ისაუბრონ.
“არჩევნები ჩვენს ქვეყანაში დღეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი და ასევე, არის დემოკრატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, ხელისუფლების მშვიდობიანი ფორმით შესაცვლელად. აქედან გამომდინარე, ჩვენ რევოლუციონერები არ ვართ და ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი არჩევნების გამოყენებაა. ნებისმიერი არჩევნებისთვის ჩვენ ვართ მზად”, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
“ლელო” ისევ დუმს, “ნაციონალური მოძრაობისთვის”, ყოფილი პრემიერი ე.წ. ოპოზიციონერად რჩება, გვარამია-მელიას გუნდი კი გახარიასთვის ანგარიშის ჩაბარებას არ აპირებენ. ერთადერთი, ვისაც ექსპრემიერის იდეა მოსწონს “გირჩია”.
“ლელო-ძლიერი საქართველო” გადაწყვეტილებას მიიღებს მაშინ, როდესაც ამისი დრო მოვა. ჯერ ძალიან დიდი დროა დარჩენილი თვითმმართველობის არჩევნების გამოცხადებულ არჩევნებამდე. ჩვენთვის პრიორიტეტი არის მაგიდაზე არსებული ორი მთავარი საკითხის გადაწყვეტა, რაც არის პოლიტ პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა. ბევრი სხვა საბრძოლო თემატიკა არსებობს და ამ ეტაპზე, თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არარელევანტურია”, – განაცხადა ლანა გალდავამ.