ბამბუკს დიდი პოტენციალი აქვს და ციტრუსზე მეტი ეკონომიკური სარგებელი, თუმცა მას ყურადღება არ ექცევა – “აიბამბუ“

ბათუმში მდებარე ბამბუკის კომპოზიტური დაფების საწარმოს “აიბამბუს” აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ბამბუკის წარმოებას დიდი პოტენციალი აქვს და ეკონომიკური სარგებელიც უფრო მეტი, ვიდრე ციტრუსს, თუმცა, მისივე თქმით, ამ კულტურას სათანადო ყურადღება არ ექცევა. როგორც bm.ge-სთან ინტერვიუში ალექსანდრე დავითაძე განმარტავს, სამწუხაროდ, სოფლის მეურნეობაში არ არსებობს არცერთი ტიპის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ბამბუკის წარმოებას და დამუშავებას შეუწყობდა ხელს.

“ჩვენ ჩვენივე ძალებით ვცდილობთ ამ პოტენციალის ათვისებას. აჭარაში სოფლის მეურნეობის მთავარი პროდუქტი ციტრუსია, მაგრამ ერთმანეთს რომ შევადაროთ და დავითვალოთ, 1 ჰა-ზე ბამბუკი 100-150%-ზე მეტის შემოსავლის მიღების საშუალებას გვაძლევს, ვიდრე ციტრუსის მოყვანა. თან ბამბუკის მოყვანას თითქმის არანაირი შრომითი დანახარჯი არ აქვს, მარტივია მისი გაშენებაც და მოვლაც”, – განმარტა “აიბამბუს” აღმასრულებელმა დირექტორმა.

ცნობისთვის, საწარმო „აიბამბუ“ ბამბუკს ფერმერებისგან იბარებს და საწარმოში მას ამუშავებს როგორც სამშენებლო მასალას. კერძოდ, მისგან კომპოზიტურ დაფებს ქმნის, რომელიც შემდგომში შესაძლებელია, რომ იატაკის, ავეჯის და სხვა აქსესუარების წარმოებაში იქნეს გამოყენებული. კომპანიამ ბამბუკის ნაწარმის აქტიური გაყიდვა მიმდინარე წლის იანვრიდან დაიწყო.

“როდესაც მარკეტინგული პროცესები დავიწყეთ, წარმოუდგენლად დიდი ინტერესი მოჰყვა ჩვენს პროდუქტს, იმდენად დიდი, რომ მზადაც კი არ ვიყავით ამ რაოდენობის შემოსული ინფორმაციის დამუშავებისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, ამით არავინ დაინტერესებულა იმ სტრუქტურებისგან, ვისაც შეუძლია ჩვენი ხელშეწყობა. სახელმწიფო ხელშეწყობის პროექტები ძალიან ცოტაა, რომლებიც ნაკლებად ეფექტურია. გვიცდია გარკვეული კომუნიკაცია სახელმწიფო უწყებებთან, თუმცა, აქტიურად არა. რამდენიმე გრანტზეც გვქონდა განცხადება, იყო უარის შემთხვევებიც. თუმცა, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ერთ-ერთი მცირე პროგრამითაც გვისარგებლია. ასევე დიდი მხარდამჭერი იყო საწყის ეტაპზე USAID-ის ეკონომიკური განვითარების პროგრამაც“, – განაცხადა ალექსანდრე დავითაძემ.

მისივე თქმით, ამჟამად საწარმოს თვიური წარმადობა დაახლოებით 10 კუბური მეტრია. 2027 წლისთვის კი ამ მაჩვენებლის გასამმაგება აქვთ დაგეგმილი.

როგორც “აიბამბუს” აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, წარმადობის გასაზრდელად საჭიროა ბამბუკის რესურსი, რაც ამოწურვადია, თუ მისი წარმოება არ გაიზარდა.

“იმისთვის რომ წარმოება გავზარდოთ, ინვესტირება ახლა უნდა განვახორციელოთ. აქ ვგულისხმობ მათ შორის ბამბუკის გაშენებას, გლეხების ხელშეწყობას და ა.შ. თუმცა მსგავსი ტიპის პროგრამა არ არსებობს. ჩვენ ჩვენი ძალებით ვცდილობთ ამ მიზნამდე მივიდეთ, თუმცა გულდასაწყვეტია, რომ მას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს და ხელშეწყობა – არა, რაც ძალიან კარგი იქნებოდა”, – განაცხადა ალექსანდრე დავითაძემ Bm.ge-სთან ინტერვიუში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *