რუმინეთში, პოლონეთსა და პორტუგალიაში არჩევნები მიმდინარეობს

რუმინეთში, პოლონეთსა და პორტუგალიაში არჩევნები მიმდინარეობს
ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ და პოლიტიკური ცვლილებებით დატვირთულ კვირას – ე.წ. “სუპერ კვირას” – სამი ქვეყანა: რუმინეთი, პოლონეთი და პორტუგალია, ახალ მმართველებს ირჩევს. ხმის მიცემის პროცესი უკვე დაწყებულია და სამივე ქვეყნის ამომრჩევლები საარჩევნო ყუთებთან არიან მობილიზებული.

რუმინეთის შემთხვევაში, მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნები, ქვეყნის პოსტსაბჭოთა ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვნად ფასდება. არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს ევროკავშირის კრიტიკოსი და ტრამპის MAGA მოძრაობის მხარდამჭერი,, ულტრამემარჯვენე პარტიის კანდიდატი ჯორჯე სიმეონი და პროდასავლელი დამოუკიდებელი კანდიდატი და ბუქარესტის მერი, ცენტრისტი ნიკუშორ დანი უპირისპირდებიან. პირველ ტურში დამაჯერებლად, ხმათა 47%-ით სიმეონმა გაიმარჯვა. წინასწარი გამოკითხვები კი აჩვენებს, რომ სხვაობა ორი კანდიდატის მიერ მიღებული ხმების რაოდენობებს შორის მცირდება.

პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 13 კანდიდატი მონაწილეობს. წინასწარი გამოკითხვებით, ვარშავის ცენტრისტი მერი, პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის კოალიციის წევრი რაფალ ტშასკოვსკი, დიდი უპირატესობით სარგებლობს. სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 1 ივნისს გაიმართება, ტშასკოვსკის ისტორიკოსი კაროლ ნავროცკი დაუპირისპირდება. ნავროცკის კანდიდატურას მხარს ქვეყნის ეროვნულ-კონსერვატიული მთავრობა “კანონი და სამართალი” უჭერს.

პორტუგალიაში კი ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში მესამე საპარლამენტო არჩევნებია, თუმცა წინასწარი შედეგებით ჩანს, რომ არც დღევანდელი ელექტორული პროცესი მოუტანს ქვეყანას სტაბილურ მთავრობას. ვადამდელი არჩევნები პორტუგალიაში მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც პრემიერ-მინისტრმა ლუის მონტენეგრომ, ამ თანამდებობის დაკავებიდან ერთი წლის შემდეგ, პარლამენტში ნდობის კენჭისყრა მოითხოვა და ხმათა საკმარისი რაოდენობა ვერ დააგროვა – პარლამენტმა მონტენეგროს უნდობლობა გამოუცხადა. წინასწარი შედეგებით, არჩევნებში მონტენეგროს “დემოკრატიული ალიანსი” გაიმარჯვებს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობისთვის საკმარის ხმებს ვერ მოიპოვებს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *