კლიმატის ცვლილება პლანეტის ყველაზე პოპულარული ხილის წარმოებას ემუქრება

კლიმატის ცვლილება პლანეტის ყველაზე პოპულარული ხილის წარმოებას ემუქრება
კლიმატის კრიზისი საფრთხეს უქმნის პლანეტის ყველაზე პოპულარული ხილის წარმოებას, რადგან ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის იმ რეგიონთა ⅔-ში, სადაც ყველაზე მეტი ბანანი მოჰყავთ, შესაძლოა, 2080 წლისთვის ხილის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემო აღარ იყოს.

ტემპერატურის ზრდა, ექსტრემალური ამინდი და კლიმატის კრიზისთან დაკავშირებული მავნე მიკროორგანიზმების გაჩენა ბანანის მწარმოებელ ქვეყნებში, მაგალითად, გვატემალაში, კოსტა-რიკასა და კოლუმბიაში, მოსავლიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს – ამის შესახებ Christian Aid-ის ახალ კვლევაშია საუბარი.

ბანანი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ხილი და რიგით მეოთხე ყველაზე ხშირად იმპორტირებული საკვები პროდუქტია ხორბლის, ბრინჯისა და სიმინდის შემდეგ. გლობალურად მოყვანილი ბანანის 80% ადგილობრივი მოხმარებისთვისაა, 400 მილიონზე მეტი ადამიანის დღიური რაციონის 15-27% კი სწორედ ბანანის მოსავალზეა დამოკიდებული. მსოფლიოში ბანანის ექსპორტის მარაგების 80% ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონებიდან მოდის – სწორედ ეს რეგიონებია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ყველაზე მოწყვლადიც.

ბანანის, განსაკუთრებით კი კავენდიშის ჯიშის მოსაყვანად განსაკუთრებული პირობებია საჭირო: ტემპერატურა 15-დან 35 გრადუსამდე უნდა მერყეობდეს, წყალი კი მცენარეს საკმარისი რაოდენობით უნდა მიეწოდებოდეს და არა – გადაჭარბებით. ბანანის ხე განსაკუთრებით დაუცველია შტორმის შემთხვევაში, რაც მცენარეს ფოთლებს აცლის და ფოტოსინთეზსს აფერხებს. მსოფლიოში ბანანის ასობით ჯიში არსებობს, თუმცა ექსპორტის ძირითადი ნაწილი სწორედ კავენდიშზე მოდის მისი გემოვნური თვისებებისა და მოსავლიანობიდან გამომდინარე

კლიმატის კრიზისი პირდაპირ ვნებს გარემოს, რომელშიც ხილი მოჰყავთ – გაცილებით მარტივად ვრცელდება მცენარის სოკოვანი დაავადებები, რაც ასევე ამცირებს მისი ფოტოსინთეზის შესაძლებლობას 80%-ით.

ორგანიზაცია Christian Aid მდიდარ ქვეყნებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან კლიმატის ცვლილებასა და ჰაერში ემისიების გაფრქვევაზე, მოუწოდებს, შეასრულონ თავიანთი ვალდებულება და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს კლიმატის ცვლილებაზე ადაპტირებისთვის საჭირო ფინანსები გამოუყონ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *