სტარტაპმა Hot Card, რომელიც ერთი წლის წინ აპლიკაციის სახით დაიწყო მუშაობა, 2024 წელი ძალიან შთამბეჭდავი შედეგებით დაასრულა. როგორც კომპანიის წარმომადგენელი, სოციალური მედიის მენეჯერი ქეთანა სტურუა, BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ აცხადებს, პლატფორმას 10 000 აქტიური გამომწერი ჰყავს, ხოლო მომხმარებლებმა ჯამში 6 მილიონ ლარზე მეტი დაზოგეს.
Hot Card-ის აპლიკაცია მომხმარებლებს 1+1, 2+2 და 3+3 შეთავაზებებს სთავაზობს, რომელიც 400-ზე მეტ პარტნიორ ობიექტშია ხელმისაწვდომი. თუმცა, როგორც ქეთანა სტურუა განმარტავს, ერთ ობიექტში ამ შეთავაზების გამოყენება დღეში მხოლოდ სამჯერ შეიძლება.
მისივე ინფორმაციით, თვეში 28 ლარად, Hot Card მომხმარებლებს შეუზღუდავად სთავაზობს შეთავაზებებს კვების, გართობის, დასვენებისა და ჯანმრთელობის მიმართულებით. კომპანიამ მომხმარებლებს არამხოლოდ თვიური გამოწერა, არამედ რამდენიმე თვიანი და წლიური გამოწერაც შესთავაზა.
„Hot Card საკმაოდ პოპულარულია. ობიექტები ხედავენ, რომ ჩვენთან პარტნიორობა მხოლოდ PR არ არის, ეს რეალური სარგებელია მათთვის. შედეგად, მათგან მუდმივად იზრდება დაინტერესება და კმაყოფილება,“ – აღნიშნავს სტურუა.
აპლიკაციის შემუშავებაში ჩაშენებულია ვიდეო გიდისა და რელსის ფუნქცია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს წინასწარ გაიცნონ ობიექტის ლოკაცია, გარემო და მომსახურების ტიპი. ეს კი ახალი ადგილების აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს.
ამ დროისთვის Hot Card პლატფორმა ხელმისაწვდომია თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში, ხოლო კომპანია აქტიურად მუშაობს გაფართოებაზე ტურისტულ რეგიონებში, განსაკუთრებით ზაფხულში ბათუმში.
კომპანიის სოციალური მედიის მენეჯერი ასევე აღნიშნავს, რომ Hot Card არ იღებს ანაზღაურებას პარტნიორი ობიექტებისგან. კომპანიის შემოსავლები მხოლოდ გამომწერების მიერ გადახდილ თანხებზეა დამოკიდებული.
„ჩვენი მიზანია, რომ ყველა ტიპის პროდუქტი ერთ აპლიკაციაში გაერთიანდეს – ყველაფერი, რაც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში სჭირდება,“ – აცხადებს ქეთანა სტურუა.
მიუხედავად წარმატებული ოპერირებისა ქართულ ბაზარზე, Hot Card გეგმავს საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას. მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს, რადგან სტურუას თქმით, მსგავსი მოდელის აპლიკაცია თითქმის არ არსებობს უცხოეთში. „ეს გვაძლევს საშუალებას, ვიფიქროთ საერთაშორისო გაფართოებაზე და იმედი გვაქვს, რომ ეს კომპანიის ცნობადობას მნიშვნელოვნად გაზრდის,“ – დასძენს სოციალური მედიის მენეჯერი.