„დასაქმებულს აღარ აქვს კარიერული ინტერესი – ძირითადი აქცენტი ხელფასი და სამუშაო დღეებია“ – ირაკლი კახიძე
რესტორანი “სოფიკო”-ს დამფუძნებელმა, ირაკლი კახიძემ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელთაც COVID-19-ის პანდემიისა და ეკონომიკური სირთულეების ფონზე შეეჯახნენ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „სოფიკო“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაკეტილი იყო, კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იყო თანამშრომელთა დაბრუნება, რაც ორგანიზებულად და წარმატებით განხორციელდა.
„კადრების დაბრუნება პრობლემას არ წარმოადგენდა. გარკვეული კომპენსაცია გადავუხადეთ, შევთანხმდით და 1-1.5 თვე მოითმინეს. ამის შემდეგ, კადრების 90%-ზე მეტი დავიბრუნეთ“, – აღნიშნა კახიძემ.
მიუხედავად ამ წარმატებისა, ირაკლი კახიძე აღნიშნავს, რომ ზოგადად ქართულ ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტი გამოკვეთილია. მისივე თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ემიგრაცია და პროფესიული ტრაექტორიების ცვლილებაა.
„ძალიან ბევრმა საზღვარგარეთ წასვლა ამჯობინა, ბევრი პროფესია შეიცვალა. ამჟამად დასაქმებულს ხშირად აღარ აქვს კარიერული ინტერესი და მხოლოდ ხელფასი, სამუშაო საათები და სხვა მსგავსი პირობები არის ძირითადი კრიტერიუმები,“ – აცხადებს კახიძე.
მისი შეფასებით, მიუხედავად ბაზრის სირთულეებისა, „სოფიკო“ მხოლოდ ადგილობრივი კადრებით იშვება და ამ ეტაპზე უცხოელებით შევსება არ განიხილება. თუმცა, მისი თქმით, სხვა რესტორნებში მსგავს პრაქტიკას აქტიურად მიმართავენ.
„არ ვაპირებთ, რომ ეს მიდგომა შევცვალოთ და უცხოელები დავასაქმოთ. თუმცა, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ წარმატებულ რესტორანში ვიყავი და გამიკვირდა – მთლიანად პერსონალი უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, ძირითადად უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან და სხვა მსგავსი ქვეყნებიდან“, – დასძინა ირაკლი კახიძემ.
როგორც ჩანს, ქართული რესტორნების ინდუსტრია არაერთ გამოწვევას აწყდება, თუმცა ირაკლი კახიძე, როგორც „სოფიკო“-ს დამფუძნებელი, დარწმუნებულია, რომ ადგილობრივი კადრებით რესტორნის წარმატება კვლავ შესაძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში კვალიფიციური კადრების დეფიციტი კვლავ შესამჩნევია, „სოფიკო“ არ გეგმავს უცხოელი თანამშრომლების მიღებას..