რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების დათვლა დასრულდა. ბუქარესტის პროევროპელმა მერმა, ნიკუშორ დანმა, მეორე ტურში გაიმარჯვა. მან თავდაჯერებულად აჯობა თავის ოპონენტს, ნაციონალისტური პარტია ალიანსი რუმინელების გაერთიანებისთვის (AUR) ლიდერს, ჯორჯ სიმიონს. პროევროპელი კანდიდატის გამარჯვება რუმინეთის მოსახლეობამ ქუჩებში აღნიშნა. ისინი გარეთ რუმინეთისა და ევროკავშირის დროშებით გამოვიდნენ. რუმინეთის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დანმა ხმების 53.6% მიიღო, ხოლო სიმიონმა – 46.4%. მას შემდეგ, რაც ეგზიტპოლებმა დანის გამარჯვება აჩვენა, სიმიონმა განაცხადა, რომ არ ენდობოდა მონაცემებს და თავი ახალ პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ დამარცხება აღიარა. “მინდა მივულოცო ჩემს ოპონენტს, ნიკუშორ დანს. მან მოიგო არჩევნები და ეს რუმინელი ხალხის ნება იყო”, — თქვა სიმიონმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში და დასძინა, რომ აპირებს გააგრძელოს “ბრძოლა რუმინეთისთვის”. ნიკუშორს გამარჯვება უკვე მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *