„ტვირთბრუნვა გაიზარდა, ადამიანური რესურსი და ტერმინალები კი არა“ – რა გამოწვევები აქვთ გადამზიდ კომპანიებს?

საქართველოში საჰაერო გზით გადატვირთული ტვირთების მოცულობა სწრაფი ტემპებით იზრდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4 თვეში მოცულობამ 10 599 ტონა შეადგინა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61%-იან ზრდას ნიშნავს.

მიზეზებზე საუბრისას სექტორის წარმომადგენლები ჩინეთიდან, კერძოდ კი პლატფორმა TEMU”-დან მზარდ ტვირთნაკადს და ელექტრონული კომერციის პლატფორმების გააქტიურებას უკავშირებენ, რომელსაც არასაკმარისი ტერმინალები და საბაჟო პროცედურები ვერ უმკლავდება.

“გლობალ ტრანსპორტერის” მმართველი პარტნიორი დათო ბეროშვილი ამბობს, რომ ტვირთების შეუფერხებლად გატარებისთვის პირველ რიგში ადამიანური რესურსის დამატებაა საჭირო.

„ტვირთების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის მიზეზი ჩინეთიდან შემოსული ამანათებია, შარშან “TEMU”-მ დაიწყო ოპერირება და ამან რადიკალურად გაზარდა ამანათების რაოდენობა. ტვირთბრუნვა გაიზარდა თუმცა საბაჟო სისტემა არ აღმოჩნდა მზად ამხელა ტვირთების გატარებისთვის. აქ არის ბევრი გამოწვევა, მათ დამუშავებას 2-3 დღე უნდა, მაშინ როცა აქამდე ერთი დღე სჭირდებოდა, ეს იწვევს რიგებს. არის შემთხვევები როცა ტვირთი ჩამოსულია, თვითმფრინავი დაცლილია და ტერმინალში ვერ შემოდის. ადამიანური რესურსია მთავარი გამოწვევა და თუ საბაჟო ტერმინალები დაემატება ეგ განტვირთავს ვითარებას.“ – აცხადებს ბეროშვილი.

ამას გარდა, ბიზნესი განბაჟების ლიმიტის გაზრდას ითხოვს. სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 300 ლარიანი ზღვარი 500 ლარამდე უნდა გაიზარდოს.

„წლებია ვსაუბრობთ 300 ლარიანი განბაჟების ლიმიტის ზრდაზე. ვითხოვთ ლიმიტის ზრდას 500 ლარამდე, ეს იქნება შვება. ეს თანხა როცა განისაზღვრა მაშინ იყო 200$-ის ეკვივალენტი, დღეს ინფლაციური პროცესების გათვალისწინებით ბევრად ნაკლები, ამიტომ ეს პრობლემაა. სამწუხაროდ რეაგირება ამ თემაზე ნულია.“ – განაცხადა ბეროშვილმა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *