სასტუმროს „ბორჯომი-ლიკანი“ დირექტორმა, კობა აბულაძის ინფორმაციით, 2025 წლის ტურისტული სეზონი გასულ წელთან შედარებით უკეთესი ტემპით ვითარდება. ამის შესახებ მან BM.GE-სთან სასტუმროს დატვირთულობის შეფასებისას განუცხადა.
მისი თქმით, ჯავშნების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა: „ჯავშნების თვალსაზრისით პოზიტიური სურათია. უკვე არსებული ჯავშნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზაფხულის პერიოდი უკეთესია წინა წელთან შედარებით“, – ამბობს აბულაძე.
მისივე ცნობით, სასტუმროს დამსვენებელთა დაახლოებით ორი მესამედი უცხოელები არიან, ძირითადად ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და ისრაელიდან. მათგან განსაკუთრებული აქტივობა იგრძნობა ზაფხულის სეზონზე.
ამასთან, საქმიანი ტურიზმის მიმართულებით სასტუმროს დირექტორი კლებაზე საუბრობს. აბულაძე ამბობს, რომ კონფერენციებზე მოთხოვნა შემცირებულია როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის მხრიდან.
„რაოდენობამ იკლო. ადრე კონფერენციებზე მოთხოვნა მეტი იყო, ახლა ინდივიდუალური ჯავშნებია უფრო გაზრდილი. ისევ უცხოელების ხარჯზე. ქართველებიც არიან, მაგრამ უფრო უცხოელები ჭარბობენ. კონფერენციებს რაც შეეხება, როგორც საჯარო სექტორიდან, ისე კერძო სექტორიდან იკლო“, – განმარტავს კობა აბულაძე.
მისი ინფორმაციით, სასტუმროს ფასების კორექტირებაც მოუწია. ამჟამად, ერთი ღამის განთავსება საუზმით $160 დოლარი ღირს.