“რუსეთი და უკრაინა დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ცეცხლის შეწყვეტის და რაც უფრო მნიშვნელოვანია ომის დასრულების მისაღწევად”, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.
სოჭში მყოფმა პუტინმა ჟურნალისტებთან ტრამპს მადლობა გადაუხადა ძალისხმევისთვის, რის შედეგადაც 2022 წლის შემდეგ თურქეთში პირველად შეხვდნენ რუსეთისა და უკრაინის დელეგაციები პირისპირ. 16 მაისს უკრაინამ და რუსეთმა მოლაპარაკება სტამბოლში გამართეს, სადაც რუსეთმა კვლავ უარი თქვა ცეცხლის დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტაზე.
პუტინის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან შეთანხმდა, რომ რუსეთი იმუშავებს უკრაინულ მხარესთან სამშვიდობო მემორანდუმზე, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასაც.
როგორც Reuters წერს, პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ, ევროპელი ლიდერები სანქციების გამკაცრებით შეეცდებიან რუსეთზე ზეწოლას განსაკუთრებით მაშინ, როცა ტრამპის ადმინისტრაცია დაანონსებული მკაცრი სანქციების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ ჯერ არ გეგმავს. როგორც ტრამპი ამბობს, ჯერ ხედავს შესაძლებლობას კრემლი ზეწოლის გარეშე დაითანხმოს მშვიდობაზე, უკრაინაში ომის 24 საათში დასრულება კი მეორე ვადით არჩეული ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება იყო.