“ახალი ზომები ასევე ეხება ჰიბრიდულ საფრთხეებს და ადამიანის უფლებებს. რუსეთისთვის მეტი სანქციები მზადდება. რაც უფრო დიდხანს აწარმოებს რუსეთი ომს, მით უფრო მკაცრია ჩვენი პასუხი”,- დაწერა მან სოციალურ ქსელში.
რაც შეეხება სანქციების შინაარსს, ახალი პაკეტი მიზანში იღებს 200-მდე რუსულ გემს “ჩრდილოვანი ფლოტიდან”, 75 კომპანიას, რომლებსაც სანქციების დარღვევა ედებათ ბრალად, და რუსულ სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსთან დაკავშირებულ 75 პიროვნებას.
რუსეთი “ჩრდილოვან ფლოტს” დასავლური სანქციებისთვის თავის არიდებისთვის და ნავთობის G7-ის ქვეყნების მიერ დაწესებულ ფასზე ძვირად გასაყიდად იყენებს. ევროპული ქვეყნების ნაწილი ფლოტს საბოტაჟთან და ჯაშუშობასთანაც აკავშირებს.
ევროკავშირის სანქციები გავრცელდება დეზინფორმაციის გავრცელებაში მხილებულ 20-მდე კერძო პირზე და 20-მდე მოსამართლესა და პროკურორზე, რომლებიც რუსი ოპოზიციონერების, ალექსეი ნავალნისა და ვლადიმირ კარამურზას საქმეში ფიგურირებენ.
ბრიუსელი ამკაცრებს შეზღუდვას იმ ნივთიერებებზეც, რომლებიც რაკეტების წარმოებაში გამოიყენება.
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ბოლო, მე-16 პაკეტი 24 თებერვალს მიიღო. ევროპის ცალკეული ქვეყნები, მათ შორის გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, გერმანია და პოლონეთი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აანონსებენ, იმ შემთხვევაში თუ კრემლი ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის უპირობო შეთანხმებას არ დასთანხმდება.