დარახველიძის თქმით, სისხლის სამართალშიც ემატება სასჯელის ახალი სახე, ქვეყნიდან გაძევება და შემოსვლის გარკვეული ვადით აკრძალვა, რომელიც გამოიყენება საზღვრის უკანონო კვეთისთვის და ნებისმიერი სხვა დანაშაულისთვის, რომელსაც უცხოელი ჩაიდენს.
“ევროპის არაერთი ქვეყანა ცვლის და ამკაცრებს თავის მიგრაციულ კანონმდებლობას და შემოდის სხვადასხვა მექანიზმი, რომელიც თავშესაფრის სისტემის ამგვარად, ანუ ბოროტად გამოყენების პრევენციის მიზნით არსებობს. შესაბამისად, არსებობს რისკი, რომ გარკვეულმა მიგრაციულმა ნაკადებმა საქართველოში გადმოინაცვლოს. გარდა ამისა, საზოგადოება ადევნებს თვალს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმდინარე ძალიან მძიმე მოვლენებს, ომებს და ა.შ, რომელიც ასევე აიძულებს ადამიანებს, იძულებით გადაადგილდნენ თავიანთი ქვეყნიდან. შესაბამისად, ყველა ქვეყანა ცდილობს, მაქსიმალურად გაამკაცროს კანონმდებლობა და ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ადამიანებს, ვინც შესაძლოა, თავშესაფრის სისტემა გამოიყენოს ქვეყანაში ხანგრძლივად დარჩენის მიზნისთვის და რეალურად, მათ არ ესაჭიროებათ ამა თუ იმ ქვეყანაში თავშესაფარი, შესაბამის საკანონმდებლო მექანიზმებს ახვედრებს და იცავს საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას და ინტერესებს.
გარდა ამისა, შემოდის სახდელის, ანუ ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე ქვეყნიდან გაძევება, რომელსაც გამოვიყენებთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც სჩადის კონკრეტულ გადაცდომებს, როგორიც არის მაგალითად, წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა, შეკრება-მანიფესტაციების წესის დარღვევა. საზოგადოება ხედავდა, რომ არაერთი უცხოელი მონაწილეობდა გასული წლის აქციებზე, მათ შორის, რამდენიმე მათგანი პარლამენტის შენობაშიც კი დავაკავეთ და მოგვიწია შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ასევე გამოყენებული იქნება იმ პირების მიმართ, ვინც არღვევს ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობის წესებს“, – განაცხადა დარახველიძემ.
ამასთან, დარახველიძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები ეხება კონკრეტულ ტექნიკურ საკითხებს, როგორიცაა დაკავშირებული ბინადრობის ნებართვის გაცემასთან და მნიშვნელოვნად მკაცრდება ჯარიმები იმ ადამიანებისთვის, ვინც უვიზოდ მოგზაურობის წესებს არღვევს.