კუპრაშვილმა დღეს, საელჩოების, საერთაშორისო მისიებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც კანონის ამოქმედების მექანიზმები განიხილეს.
კუპრაშვილის თქმით, კანონის მიზანი გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა და ის არ წარმოადგენს არცერთი ჯგუფის მიმართ საქმიანობის შეზღუდვის მექანიზმს.
„ფარას კანონი უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და არანაირად არ არის დაკავშირებული რაიმე სახის სამუშაოების შეზღუდვასთან. ფარას კანონი შეიძლება შეეხოს როგორც მედიას, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებს, ისე ფიზიკურ პირებს – ერთი არის, რომ უცხოეთიდან დაფინანსებას უნდა იღებდეს კონკრეტული ორგანიზაცია და ამავდროულად ეწეოდეს იმ პოლიტიკურ საქმიანობას, რომელიც კანონს აქვს განსაზღვრული. არ არის საუბარი რაიმე სახის შეზღუდვების დაწესებაზე, პირიქით – ის უფრო მეტად გააჯანსაღებს იმ პროექტების წარმოჩენას, რაც დონორი ორგანიზაციების ხელით ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში“, — განაცხადა კუპრაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ განისაზღვრება „აგენტის“ ცნება კანონში, უწყების ხელმძღვანელმა კონკრეტული განმარტება არ გაუკეთებია.
„აგენტის განმარტება არის კანონში მითითებული. რატომ მეჩხუბებით, კარგი დილაა. ხვალ გვაქვს საინტერესო შეხვედრები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ვინაიდან ძალიან დიდი ინტერესი იყო ამ ღონისძიებებთან დაკავშირებით, მოგვიწია რამდენიმე დღის დამატება სამუშაო შეხვედრების“, — განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის – ე.წ. „ფარას კანონის“ – ამოქმედება 31 მაისს იგეგმება. მისი აღსრულების ფუნქცია ანტიკორუფციულ სამსახურს დაეკისრება.