„ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი აღიარებაა“, — განაცხადა GCCA-ს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, 2022 წელს მიღებული მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მომხმარებელთა უფლებრივი გარანტიები.
GCCA-ს ინფორმაციით, ICPEN-ის პრეზიდენტობის პერიოდში სააგენტო სამ პრიორიტეტულ საკითხზე იმუშავებს:
- თანამშრომლობის გაძლიერება ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების, გლობალური სტანდარტების შემუშავებისა და არაკეთილსინდისიერი პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით.
- ციფრულ ბაზრებზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერება.
- ახალგაზრდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებების გაძლიერება გამოცდილ უწყებებთან თანამშრომლობის გაღრმავებით.
პრეზიდენტობის პერიოდში GCCA უხელმძღვანელებს სამუშაო ჯგუფების საქმიანობას, გლობალური სტანდარტების განმტკიცებას და წევრი ქვეყნების მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.
ICPEN-ის საერთაშორისო ქსელი 90-მდე ქვეყანას აერთიანებს, რომელთაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესაბამისი უწყებები გააჩნიათ. ორგანიზაციის დამკვირვებლები არიან მსოფლიო ბანკი, UNCTAD, OECD და ევროკომისია. GCCA ორგანიზაციის წევრი 2023 წელს გახდა.