რესპუბლიკელების ყველაზე მსხვილი დონორი მასკი ამბობს, რომ პოლიტიკურ დანახარჯებს შეამცირებს

ტრამპი მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის დახურვაზე მიანიშნებს
ილონ მასკი, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერაზე შარშან დაახლოებით 300 მლნ დოლარი დახარჯა ამბობს, რომ პოლიტიკაში დანახარჯებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

როგორც Reuters წერს, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანისგან ეს არის გზავნილი რომ ისევ საკუთარ ბიზნესს იმპერიას უბრუნდება, სადაც ინვესტორები მისი პოლიტიკაში ყოფნის გამო წუხდნენ. ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, მასკი მართავს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს (DOGE), რომლის რეკომენდაციითაც აშშ-ში ფედერალური უწყებების თანამშრომლების შემცირება და ზოგიერთის საერთოდ დახურვა დაიწყო. DOGE-ის მიერ წამოწყებულ ხარჯების შემცირების კამპანიას მზარდი წინააღმდეგობა აქვს სასამართლოების და კანონმდებლების მხრიდან ზეწოლის სახით. მასკის ერთ-ერთ ბოლო დონაცია ვისკონსინის უზენაესი სასამართლოს არჩევნებს უკავშირდება, სადაც დაახლოებით 21 მლნ დოლარის დახარჯვის მიუხედავად, დემოკრატების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სუზან კროუფორდმა გაიმარჯვა.

“პოლიტიკაში დანახარჯებს რაც შეეხება, ვაპირებ მომავალში ბევრად ცოტა იყოს. ვფიქრობ, საკმარისი გავაკეთე”, – ამბობს მასკი და ამატებს, რომ თუ საჭიროებას დაინახავს პოლიტიკაში ფულს მომავალშიც დახარჯავს.

კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას მან ასევე თქვა, რომ Tesla-ს ხელმძღვანელის პოზიციაზე დარჩენას აპირებს. კერძოდ, კითხვაზე იქნება თუ არა შემდეგი ხუთი წელი კვლავ Tesla-ს ხელმძღვანელი, ამბობს: “დიახ, ამაში ეჭვიც არ მეპარება”.

Reuters წერს, რომ ტრამპის კამპანიის ყველაზე მსხვილმა დამფინანსებელმა თუ მართლაც შეამცირა რესპუბლიკელების ფინანსური მხარდაჭერა, მაშინ პარტიას ისევ სხვა დონორებისა და მოქალაქეებისგან ფინანსური დახმარების მიღება მოუწევთ 2026 წელს დაგეგმილი არჩევნებისთვის.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *