რას მოიცავს რუსეთისთვის ბრიტანეთის დაწესებული ახალი სანქციები?

რას მოიცავს რუსეთისთვის ბრიტანეთის დაწესებული ახალი სანქციები?
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ განაცხადა. სანქციები საკმაოდ ფართოა და მოიცავს როგორც სამხედრო და ენერგეტიკულ, ასევე ფინანსურ სექტორებს.

ბრიტანეთის მთავრობა ახალი სანქციებით ცდილობს ევროკავშირთან ერთად ზეწოლა გაზარდოს კრემლზე, რათა ცეცხლის შეწყვეტაზე დაითანხმონ. როგორც ცნობილია, აშშ ჯერჯერობით არ უერთდება ევროპელების სანქციებს, რადგან როგორც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რუსეთთან ჯერ კიდევ მოლაპარაკების ფაზაშია.

სანქციები შეეხება რუსეთისთვის იარაღის მიწოდების ჯაჭვებს მათ შორის, ისკანდერის ტიპის რაკეტებს, ასევე იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც რუსეთს სანქციებისგან თავის დაღწევაში ეხმარებიან. ასეთი დიდი ბრიტანეთის განცხადებით, 40-ზე მეტია. სანქციებში მოხვდა რუსეთის დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოც. ბრიტანეთმა რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” კიდევ 18 ტანკერი დაასანქცირა. სხვადასხვა შეფასებით, “ჩრდილოვანი ფლოტის” მეშვეობით რუსეთის ნავთობის თითქმის 70% გადის ექსპორტზე. “ჩრდილოვანი ფლოტი” არის სანქციებისთვის თავის არიდების საშუალება იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც აკრძალული აქვთ ნავთობით ვაჭრობა ან ვაჭრობაზე შეზღუდვები აქვთ დაკისრებული.

ბრიტანეთის მთავრობა ასევე აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მუშაობს რუსულ ნავთობზე საფასო ჭერის შესამცირებლად. ომის დაწყებიდან მალე აშშ-მა და ევროკავშირმა რუსულ ნავთობზე 60 დოლარიანი საფასო ჭერი დააწესეს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემმა პუტინს მოუწოდა დათანხმდეს უპირობო და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტას, რადგან სამშვიდობო პროცესის გაჭიანურება სანქციების პროცესს გააძლიერებს. გუშინ ღამით ბრიტანეთის პრემიერის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია რომ ახალ სანქციებზე კირ სტარმერი უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა. “ორივე ლიდერი შეთანხმდა რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ რუსეთზე ზეწოლა გაგრძელდეს.”, – წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *