ციფრული სასაჩუქრე ვაუჩრების პლატფორმა Wowchy ხუთი წლის გახდა.
ბრენდი, რომელმაც ოპერირება მხოლოდ 20 პარტნიორი კომპანიით დაიწყო, დღეს 500-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდს აერთიანებს. კომპანიის დამფუძნებელი, თათია ხაინდრავა, BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ კომპანიის განვითარების შედეგებზე, გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
„ჩვენ თითქმის ყველა იმ სექტორს ვაერთიანებთ, რაც საქართველოში არსებობს და რაც მოთხოვნადია. ეს არა მხოლოდ საცალო გაყიდვებს, არამედ კორპორატიულ ინსენტივებსაც ეხება“, – ამბობს ხაინდრავა.
მისი თქმით, 2024 წელი, მიუხედავად ფინანსური, პოლიტიკური და ეკონომიკური სირთულეებისა, Wowchy-სთვის მაინც სტაბილური გამოდგა. მართალია ზრდა არ ყოფილა გასული წლების მსგავსი, თუმცა პლატფორმამ მცირედი ზრდა მაინც შეძლო.
„მართალია, გასული წელი ფინანსურად და ეკონომიკურად მარტივი არ ყოფილა, თუმცა ჩვენთვის მაინც არ ყოფილა წაგების წელი. ახალი წელი, რომელიც ყველა კომპანიისთვის გაყიდვების პიკია, შედარებით ნაკლები შემოსავლებით, მაგრამ მაინც დადებითი ბალანსით დავხურეთ“, – აღნიშნა მან.
მისი ინფორმაციით, ხუთწლიან პერიოდში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა Super App-ში ინტეგრაცია გახდა. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ეთერში ამბობს, ამან 10%-იანი ზრდა განაპირობა.
„დაინტერესება გაიზარდა სხვადასხვა მსხვილი პლატფორმებიდან. ახლა უკვე მიდის მოლაპარაკებები იმაზე, რომ ჩვენი პლატფორმა სხვა ციფრულ სივრცეებში ინტეგრირდეს, რაც ჩვენი სტრატეგიის ნაწილიცაა. ვინაიდან, ეს ჩვენი ბიზნესის განვითარებასა და გაფართოებაზე მიუთითებს,“ – ამბობს ხაინდრავა.
პლატფორმას მარკეტები და სააფთიაქო ქსელები დაემატა, რაც განსაკუთრებით კორპორატიული კლიენტებისთვის მნიშვნელოვანი იყო.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, კორპორატიული მიმართულება სულ უფრო მეტად სტრატეგიული ხდება Wowchy-სთვის. მომხმარებელთა შორის არიან ბანკები, სადაზღვევო და ტექნოლოგიური კომპანიები, ასევე ბეთინგ-სექტორის წარმომადგენლები. როგორც ხაინდრავა ამბობს, ამ კლიენტებს თანამშრომლების მოტივაციის ამაღლებისთვის დიდი ბიუჯეტი აქვთ გამოყოფილი. შესაბამისად, პლატფორმა მათი ინტერესის საგანს წარმოადგენს.
„ძირითადი გაყიდვები საცალო გაყიდვებზე მოდის, თუმცა ჩვენი მიზანია კორპორატიულ და საცალო მიმართულებებს შორის ბალანსის პოვნა“, – აღნიშნავს დამფუძნებელი.