როგორც ბოჭორიშვილმა “რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა, რუბიოს პასუხიდან ჩანს რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს.
“ერთადერთი დასკვნა, რაც შეიძლება ჩვენ გამოვიტანოთ დღევანდელი პასუხიდან არის ის, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს, სწორედ იმ კონტექსტში, როდესაც საუბარი ეხება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს. მთელი მოსმენის და არა მხოლოდ მოსმენის, აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ღერძი დღეს ტრიალებს ამერიკის ეროვნული ინტერესების გარშემო” – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ბოჭორიშვილი ასევე გამოეხმაურა მარკო რუბიოს მიმართ, ჯო უილსონის მიერ დასმულ შეკითხვას, რაზეც თქვა რომ ის სრულიად „დეზინფორმაციული კითხვა“ იყო.
“კითხვა, რომელიც დასვა ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ჯო უილსონმა, რომელიც სრულიად დეზინფორმაციულ ნარატივზე იყო აგებული, ყველა წინადადება თუ ყველა სიტყვა, რომელიც გაჟღერდა საქართველოსთან მიმართებაში, იყო სრულიად დეზინფორმაციული. ის აბსოლუტურად აცდენილია რეალობას და არცერთი მის მიერ გაჟღერებული პოზიცია არ შეესაბამება სიმართლეს. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში ალბათ უნდა შევაფასოთ ის, თუ რა კონტექსტში მოხდა საქართველოს საკითხის ხსენება კონგრესის მოსმენაზე. მან არასწორი ინფორმაცია გააჟღერა არჩევნებთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ხელისუფლებასთან დაკავშირებით.
თუ შევაფასებთ უილსონის კითხვას, სად არის ანტიამერიკული ხელისუფლება საქართველოში? დღეს სრულ თანხვედრაშია ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტები, იდეოლოგიურად რომ შევხედოთ, აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტებთან და ამ ფონზე რა თქმა უნდა როდესაც რუბიოს პასუხს ვაფასებთ, ჩვენ მთლიან კონტექსტს უნდა შევხედოთ, რას შეეხებოდა განხილვა, რაზე იყო ზოგადად აქცენტები გაკეთებული”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
რა კითხვა დასვა ჯო უილსონმა და რა უპასუხა მარკო რუბიომ?
ჯო უილსონი: მადლობელი ვარ ტრამპის ადმინისტრაციის ძლიერი პოზიციისა, ანტი-ამერიკული “ქართული ოცნების” რეჟიმის წინააღმდეგ. მათ 26 ოქტომბერს საქართველოში არჩევნები გააყალბეს, ამერიკასთან ასოცირება დანაშაულად შერაცხეს; ამერიკული კომპანიები ქვეყნიდან გააძევეს და ამით შუა დერეფნის სავაჭრო გზა ჩაგვიკეტეს. ამასთან, საქართველო ჩინეთის კომუნისტურ პარტიას მიჰყიდეს და თან ისინი პერიოდულად შეურაცხყოფას აყენებენ ამერიკის მთავრობას და პრეზიდენტ ტრამპს.
ცოტა ხნის წინ, გამოქვეყნდა რონდელის ფონდის მიერ მომზადებული ანგარიშიც, რომელიც საქართველოში ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონტროლის არსებობაზე მიუთითებს და მინდა, ეს ანგარიშიც გაგიზიაროთ.
ამასთან, თითქმის 200 დღეა ქართველები ქუჩებში უწყვეტად აპროტესტებენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებებს და მხარდაჭერის ნიშნად, ამერიკის დროშებს და პრეზიდენტ ტრამპის ფოტოებს ატარებენ.
ახლა კი მინდა გკითხოთ, თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში, რა იქნება გაკეთებული იმისათვის, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა, ქართველი ხალხის სახელით, რეალურად აგებინოს პასუხი ანტი-ამერიკულად განწყობილ “ქართულ ოცნებას”?
მარკო რუბიო: აშშ-ის მიზანია, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება. შევხედავთ და ვნახავთ არის ეს ამერიკის ეროვნულ ინტერესებში. ასე რომ, ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს – არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც მართავს მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს? და თუ – არა, მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ შესაძლო და დამატებით ვარიანტებს.
დღეს კონკრეტულად რას ვგეგმავთ, ჯერჯერობით, ვერ ვისაუბრებ. თუმცა, შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება. კიდევ ერთხელ ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა თუ რატომ ვაპირებთ, მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს ადგილზე, რათა მათ მოგვცენ ინსტრუქცია იმის შესახებ, ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება ანტიამერიკულ მთავრობას რეაგირება.