ხვალიდან ცხოველების ბინაზე მონიტორინგი იწყება – რას უნდა ელოდონ მეპატრონეები?

ხვალიდან ცხოველების ბინაზე მონიტორინგი იწყება – რას უნდა ელოდონ მეპატრონეები?
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ახალ ინიციატივას “კარდაკარ” იწყებს, რომლის ფარგლებშიც პატრონიანი ცხოველების მონიტორინგი განხორციელდება. ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა გიორგი კობიაშვილმა მედიაცენტრ “მთავარში” პრესკონფერენციისას განაცხადა.

მისი თქმით, პროექტის მიზანი, ცხოველების მოვლა-პატრონობის პირობების გაუმჯობესება და მეპატრონეების ცნობიერების ამაღლებაა. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში სააგენტოს თანამშრომლები წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით გადაადგილდებიან და ბინებიდან ბინებზე გადაამოწმებენ ცხოველების მდგომარეობას, მათ საცხოვრებელ პირობებს.

ის დასძენს, რომ პროგრამა თბილისის მასშტაბით, ხვალ, გლდანის ტერიტორიიდან დაიწყება და სავარაუდოდ, წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ცხოველების მეპატრონეებს შემთხვევითი პრინციპით შეამოწმებენ.

“ჯგუფები, სააგენტოს თანამშრომლები წინასწარ გაწერილი მარშრუტით კარდაკარ ბინაზე გადაადგილდებიან და შეამოწმებენ ცხოველის სტერილიზაციას, კასტრაციას, რეგისტრაციას, იდენტიფიკაციას, ცხოველების ვაქცინაციას. შეიქმნება სპეციალური ბაზა, სადაც ცხოველების მეპატრონეები აღირიცხება.

აქვე საგულისხმოა, რომ ცხოველის რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, პატრონს მისამართზევე შევთავაზებთ ცხოველის ჩიპირებას (კანქვეშ მიკროჩიპის ინპლანტაცია) და რეგისტრაციას. ამის სანაცვლოდ, მეპატრონეებს ჩიპის თვითღირებულების – მხოლოდ 19 ლარის გადახდა მოუწევთ“, – განაცხადა სააგენტოს წარმომადგენელმა.

მისივე ცნობით, პროგრამის ფარგლებში შეიქმნება ბაზა, სადაც ინფორმაცია აისახება როგორც მოვლის დონის, ისე დარღვევების შესახებ, რომლის არსებობის შემთხვევაში, მეპატრონე განმეორებით ინსპექციას დაექვემდებარება.

“დარღვევის შემთხვევაში, მეპატრონეს მონიტორინგის ეკიპაჟი გონივრულ ვადას 30 დღის სახით მისცემს, რომ ადგილზე არსებული პრობლემა გამოასწოროს. 30 დღის გასვლის შემდეგ, ხელმეორე ინფექცია ხორციელდება და თუ არ გამოსწორდება პრობლემა, ამ შემთხვევაში ჯარიმა 8 ლარს შეადგენს. წლის განმავლობაში, თუ კიდევ არ გამოსწორდა არსებული პრობლემა, ჯარიმა 50 ლარამდე იზრდება”, – თქვა მან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *