გადავწყვიტეთ, მთლიანი რესურსები ექსპორტზე მივმართოთ, – ამის შესახებ BM.GE-ის ტყავის ჩანთებისა და სხვა აქსესუარების მწარმოებელი ქართული ბრენდის Gepherrini-ს გენერალურმა დირექტორმა, ილია გეფერიძემ განუცხადა.
როგორც ის განმარტავს, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა პროდუქციაზე ადგილობრივი მოთხოვნა მნიშვნელოვნად შეამცირა და ინვესტორებთან ურთიერთობა გაართულა, სწორედ ამიტომ კომპანია საექსპორტო ქვეყნებში აქტიურ მოქმედებაზე გადასვლას აპირებს.
“ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ამბების გამო, მთელი რესურსები ექსპორტზე მივმართეთ. ადგილობრივი მოთხოვნა ძალიან შემცირებულია. ცუდია ქვეყნისთვის ეს ყველაფერი, ასე თუ გაგრძელდა, ალბათ, ეკონომიკას 6 თვეში დავანგრევთ”, – ამბობს ილია გეფერიძე.
Gepherrini-ს გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ ქართულ ბრენდს მეთოთხმეტე საექსპორტო ბაზრად იაპონია ემატება. ამასთან, კომპანიამ უკვე აამოქმედა საწყობი ჩინეთში, სადაც ახალი მოდელით გაყიდვები დაიწყო. რაც შეეხება საწყობს იტალიაში, ილია გეფერიძის თქმით, გახსნა წელს იგეგმება და შემდეგ სწორედ იტალიიდან მომარაგდება ევროკავშირის ბაზრები.
“ჩვენს საექსპორტო ქვეყნებშია აშშ, კანადა, აზიის ქვეყნებიცაა, სინგაპური, ჩინეთი, უკვე იაპონია, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნები… იტალიაში საწყობის გახსნას ისევ ვგეგმავთ, წელს გავაკეთებთ, უბრალოდ ეს ამბები ყველაფერს უშლის ხელს, ინვესტორთან ურთიერთობასაც, როცა ასეთი პროცესებია, ყველა იკავებს თავს და ა.შ.
ჩვენს საექსპორტო ქვეყნებში ქსელის განვითარება გვინდა. პირველი რაც დავიწყეთ ჩინეთი იყო და პროცესები უკვე დაძრულია. ჩვენი პროდუქცია ჩინეთში 4 წელია იყიდება, მაგრამ ახლა უკვე სხვა ფორმა იქნება. კომპლექსური მარკეტინგით შევუტევთ ბაზარს. ჩინეთს დავაკვირდებით 5-6 თვე და თუ წარმატებული იქნება ეს მოდელი, სხვა ქვეყნებშიც გადავიტანთ. ეს გულისხმობს საწყობის გახსნას და აქტიურ გაყიდვებს. იგივე გვინდა გავაკეთოთ იტალიაშიც, რომ ევროკავშირის ქვეყნები იტალიიდან მოვამარაგოთ. ანუ საწყობი იტალიაში იქნება და იქიდან მომარაგდება, სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე გაიყიდება. მოქმედებაა საჭირო, რასაც ჩვენივე სახსრებით ვიწყებთ, სხვა ტიპი რომ მოვიდეს და ჩადოს შენს ბრენდში დიდი თანხა ეგეთი არ არსებობს, რადგან ამ ეტაპზე საქართველოში ნაწარმი არაფერს არ ამბობს. გამოფენები, “აწარმოე საქართველოში” რასაც აფინანსებს, ძალიან დიდი დახმარება და შესაძლებლობაა, უბრალოდ ამას შემდეგ გამოყენება სჭირდება”, – ამბობს ილია გეფერიძე.
Gepherrini ქართულ ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. ბრენდი საქართველოში სამი ფილიალითაა წარმოდგენილი: თბილისში, ბათუმსა და ფოთში.