ეროვნული უსაფრთხოების მდივნის კრისტი ნოემის განცხადებით, ჰარვარდის საერთაშორისო სტუდენტებს შეუწყდებათ გაცვლითი პროგრამის მონაწილის სერტიფიკატი. გავრცელებულ განცხადებაში მან უნივერსიტეტი დაადანაშაულა ძალადობისა და ანტისემიტიზმის ხელშეწყობასა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან კავშირში. თავად უნივერსიტეტი ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებებს უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ათასობით სტუდენტს შეეხება. როგორც Reuters წერს, 2024-2025 სასწავლო წლისთვის ჰარვარდს 6800-მდე საერთაშორისო სტუდენტი ჰყავს, რაც მთლიანი სტუდენტების დაახლოებით 27%-ია.
ჰარვარდის უნივერსიტეტის განცხადებით, ეს არის ანგარიშსწორება, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ჰარვარდს, არამედ ქვეყანასაც და ძირს უთხრის უნივერსიტეტის აკადემიურ და კვლევით მისიას. მანამდე ტრამპის ადმინისტრაციამ უნივერსიტეტს გაუყინა ორ მილიარდ დოლარზე მეტის დაფინანსება მას შემდეგ, რაც სასწავლებელმა უარი თქვა ადმინისტრაციის რამდენიმე მოთხოვნის შესრულებაზე. მათ შორის იყო სტუდენტების და თანამშრომლების შეხედულებების აუდიტი. გრანტის გაყინვის გადაწყვეტილება უნივერსიტეტმა სასამართლოში გაასაჩივრა.