თუმცა ეს მაჩვენებელი მეტად საინტერესო არის არა უშუალოდ რიცხვის, არამედ მისი მნიშვნელობის გამო, რადგან მიმდინარე წლის აპრილი გახდა ისტორიაში პირველი თვე, როცა ჩინურმა BYD-მ ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვებით ამერიკულ TESLA-ს აჯობა. ილონ მასკის კომპანიამ ამავე პერიოდში 7,165 ელექტრომობილი გაყიდა, რაც წლიურად 49%-იანი კლებაა.
საინტერესოა, რომ ყველაფერი ეს BYD-მ მოახერხა იმ რეალობაში, როცა ევროკავშირის ტარიფები ჩინური კომპანიის მიმართ გაცილებით მაღალია, ვიდრე ის გადასახადი, რომელსაც ამერიკული კომპანია იხდის, რაც ნიშნავს, რომ BYD-ის ელექტრომობილების მიმართ ევროპელების მოთხოვნა მკვეთრადაა გაზრდილი. Tesla-ს მიერ ჩინეთში წარმოებულ EV-ებზე ევროპაში 7.8%-იანი ტარიფი მოქმედებს, როცა BYD 17%-ის გადახდა უწევს. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ სუბსიდიების ფონზე ჩინურ კომპანიებს ელექტრომობილების წარმოება გაცილებით ნაკლები უჯდებათ, შესაბამისად ტარიფების და სხვა გადასახადების ზრდას ისინი მეტად უმტკივნეულოდ ეგუებიან.
საერთაშორისო ექსპანსიისთვის BYD საინტერესო სტრატეგიას მიმართავს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ქარხნების აშენებას გულისხმობს. ამ დროისთვის, BYD-ის ქარხნებს ვხვდებით, როგორც მშობლიურ ჩინეთში, ასევე ტაილანდში, ინდონეზიაში, ბრაზილიაში, უნგრეთში და უზბეკეთში. BYD-ის $1-მილიარდიანი ქარხნის აშენება ასევე დაგეგმილია თურქეთში. ეს სტრატეგია BYD-ის გრძელვადიანი დივერსიფიკაციის ერთ-ერთი ქვაკუთხედია, მით უმეტეს, როცა ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ჩინურ კომპანიებს ტარიფებს უწესებენ.
ჩინურ და ზოგადად საავტომობილო გიგანტებს შორის BYD-ის წამყვან პოზიციებს ავტომობილების მიმზიდველი დიზაინი, ტექნოლოგიურობა და მრავალფეროვნება განაპირობებს, რადგან ამ კომპანიის საწარმოო ხაზში წარმოდგენილია, როგორც $10,000-იანი ჰეჩბეკი BYD Seagull-ი, ასევე $240,000-იანი სუპერქარი BYD U9, რომელსაც, სხვათა შორის, ადგილიდან ახტომა შეუძლია. დღეს, BYD-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $175 მილიარდს აღემატება და ამ მაჩვენებლით ის ჩინეთში მე-11, მსოფლიოში 89-ე ადგილს იკავებს. საავტომობილო ინდუსტრიაში BYD-ის მესამე ადგილზე ვხვდებით, რადგან ჩინურ გიგანტს მხოლოდ ორი კომპანია უსწრებს, ესენია Tesla და Toyota.