ალბათ დაგვინდეს და არავის უკითხავს, რა ხდება საქართველოში – Select USA-იდან დაბრუნებული მეწარმე

ალბათ დაგვინდეს და არავის უკითხავს, რა ხდება საქართველოში – Select USA-იდან დაბრუნებული მეწარმე

„ალბათ დაგვინდეს და სიმართლე გითხრათ, არავის უკითხავს, რა ხდება საქართველოში“ – ასე უპასუხა აშშ-დან, Select USA-ის სიანვესტიციო სამიტიდან დაბრუნებულმა კომპანია FAS group-ის დამფუძნებელმა ნათია სხვიტარიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილის“ წამყვანის შესაბამის კითხვას.

„ვფიქრობ, ჩვენზე უკეთ იციან, რა ხდება საქართველოში“ – ამბობს ნათია სხვიტარიძე, რომლის კომპანია FAS group-ი აშშ-ის ბაზარზე შესასვლელად ემზადება.

„ჩვენ ჯიუტად ვამტკიცებდით, რომ კვლავ ძალიან საინტერესო ქვეყანა ვართ მათი ინვესტიციებისთვის, თუმცა ერთია, რას ვამტკიცებთ და მეორეა, თავად რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ, თუმცა მცდელობა არ დაგვიკლია, რომ ღირსეულად წარგვედგინა ჩვენი ქვეყანა“, – აღნიშნა მან.

FAS Group-ი ერთ-ერთია იმ ქართულ 25 კომპანიას შორის, რომელიც აშშ-ში, Select USA-ის ყოველწლიურ საინვესტიციო სამიტზე მონაწილეობდა.

“ძალიან მინდა, ხაზგასმით ვთქვა – გარდა იმისა, რომ სამიტზე წარმოვადგენდი FAS group-ს, ასევე წარმოვადგენდი ჩვენს ქვეყანას და ეს ჩემთვის ძალიან საამაყო იყო; ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი პოლიტიკური ვექტორი იყოს სწორი.

არავის ენდომება ჩვენთან ურთიერთობა, თუ აღმოჩნდა, რომ მათგან კრიტიკულად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. ფაქტია, დღესდღეობით, როგორც კონკრეტულ კომპანიებთან, ისე ქვეყანასთან თანამშრომლობის სურვილი და მზაობა აქვთ და ამის დასტური იყო ისიც, რომ ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე დიდი დელეგაციით ვმონაწილეობდით“, – განაცხადა ნათია სხვიტარიძემ და იქვე დასძინა, რომ ამერიკული კომპანიები და ინვესტორები, ძირითადად, ინტერესდებოდნენ, ქართული ბიზნესების საჭიროებებით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *