“დეკლარაციის კორექტირებაზე ჯარიმის საკითხი დააყენეს” – რა განიხილა საპენსიო ფონდმა ბიზნესთან?
საშემოსავლო დეკლარაციის კორექტირებისთვის საპენსიო ფონდისგან ბიზნესის დაჯარიმების მიდგომა, შესაძლოა, გადაიხედოს. როგორც BM.GE-ის საპენსიო ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ჭიჭინაძემ განუცხადა, სწორედ ესაა ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, რაც ბიზნესის მხრიდან შეხვედრაზე იყო დაყენებული.
საქმე ისაა, რომ საპენსიო ფონდის და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და საპენსიო მოდელის გამართული ფუნქციონირებისათვის აუცილებელი საკითხები განიხილეს. საპენსიო ფონდის ცნობით კი, განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები: ჯარიმა, საურავი, დეკლარირება და კორექტირება.
1 მაისიდან საპენსიო შენატანები ხორციელდება შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო დეკლარაციის მეშვეობით. კომპანიებს დეკლარაციის კორექტირება შეუძლიათ, რისთვისაც შემოსავლების სამსახურისგან ჯარიმა არაა გათვალისწინებული, საპენსიო ფონდის შემთხვევაში კი დაჯარიმებას ექვემდებარება. როგორც გიორგი ჭიჭინაძე განმარტავს, ეს მოქალაქეების ინტერესების დაცვას ემსახურება. მისი თქმით, საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა და ამ მიმართულებით შესაძლო შეღავათი ისეთი უნდა იყოს, რომ მონაწილის ინტერესი არ დაარღვიოს და დამსაქმებელს ვალდებულებისგან თავის არიდების საშუალება არ მისცეს.
ამასთან, საპენსიო ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა განმარტა საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ახალი მიდგომა და საურავების საკითხი, რაც ასევე 1 მაისიდან ამოქმედებული ცვლილებების ნაწილია.
“ჩვენ ხშირად ვმართავთ შეხვედრებს კერძო სექტორთან. კანონში განხორციელდა ცვლილებები, რომლებიც უპირობოდ სასიკეთო და პოზიტიური იყო დამსაქმებლებისთვის. ისინი ბევრ საკითხს აყენებდნენ კანონში ცვლილებისთვის და ადმინისტრირების ნაწილში გამარტივებისთვის. შეხვედრაზე ავუხსენით რა ცვლილებები განხორციელდა. 2025 წლის 1 მაისიდან უკვე საპენსიო შენატანები განხორციელდება შემოსავლების სამსახურის საშემოსავლო დეკლარაციის მეშვეობით. თუმცა, დეკლარაციის წარმოდგენა არ ნიშნავს მაშინვე მის დახურვას. სისტემაში უნდა ჰქონდეთ ანგარიშზე ჩარიცხული შესაბამისი საბალანსო თანხა და დეკლარაცია ავტომატურად დაიხურება. თუ ეს შესაბამის ვადაში არ წარმოადგინეს, ანუ არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, 16 რიცხვში სისტემა ავტომატურად შეამოწმებს, რომ კომპანიამ წარმოადგინა დეკლარაცია, რომელიც ვერ დაიხურა და ამ შემთხვევაში, ის დაჯარიმდება. ასევე, კანონში ცვლილებით საურავების საკითხი შემოვიდა, რომელიც ირიცხება შეუსრულებელ ვალდებულებაზე ვადის დარღვევის დღის მომდევნო კალენდარული დღიდან და მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე, საურავი ირიცხება იქამდე, სანამ დეკლარაცია არ დაიხურება. ასევე, განსხვავება ჩვენსა და შემოსავლების სამსახურს შორის ისაა, რომ ჩვენი მხრიდან მაკორექტირებელი დეკლარაცია ჯარიმდება – ვგულისხმობ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციის კორექტირებას. ეს იმიტომ ხდება, რომ არ დაირღვეს მონაწილის ინტერესები, დაჯარიმება იმას ემსახურება, რომ უფრო გულისხმიერად, სისტემატურად მიუდგეს დამსაქმებელი, რათა არ დაიკარგოს მოქალაქის საპენსიო შენატანი და სარგებელი. შეხვედრაზე რაც განვიხილეთ, მათი ხედვებიდან გამომდინარე მთავარი ეს იყო, რომ რისი დახვეწა შეიძლება კიდევ. ეს [დეკლარაციის კორექტირებაზე ჯარიმის] საკითხი იყო დაყენებული ბიზნესის მხრიდან. მიმდინარეობს განხილვა, რამდენიმე უწყება უკვე ვმუშაობთ – ჩვენ, შემოსავლების სამსახური, ეკონომიკის სამინისტრო, მალე ალბათ პარლამენტის წევრებიც ჩაერთვებიან”, – აცხადებს გიორგი ჭიჭინაძე.
გიორგი ჭიჭინაძე ასევე აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე ისაუბრა, თუ როგორ შეუძლია ბიზნესს 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისათვის, საპენსიო შენატანის დანაკლისით ან ზედმეტად ჩარიცხვების აღმოფხვრა.
“2025 წლის 1 მაისამდე არსებული დეკლარაციების ნაწილზე ვისაუბრეთ. აქ მათთვის გამარტივებული დეკლარირების პროცესი გავითვალისწინეთ, ანუ თუ დამსაქმებელს 1 მაისამდე აქვს გარკვეული შეუსაბამობები, ზედმეტობა ან ნაკლებობა, ერთი წლიური მაკორექტირებელი დეკლარაციით შეუძლიათ შეასწოროს ეს. ასევე, ჩვენი მხრიდან მონიტორინგი რომ დაიწყება, დამატებით ვაძლევთ 30-დღიან ვადას, რომ გამოასწორონ შეუსაბამობები. ამის გასვლის შემდეგაც შეუძლიათ გამოსწორება, თუმცა თუ ამ ვადაში არ გამოასწორებენ დაჯარიმდებიან პირველ ჯერზე 500 ლარით და განმეორებით შემთხვევაში 1 000 ლარით, რაც ბიუჯეტში მიემართება. კომპანიებს ამის შემდეგ კიდევ აქვთ დრო, რომ გამოასწორონ, თუმცა თუ არ უზრუნველყოფს დასაქმებულის მიმართ ვალდებულების შესრულებას, გადაეცემა აღსრულების ეროვნულ ბიუროს”,- განმარტა გიორგი ჭიჭინაძემ.