„ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მსურს, გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადმოგცეთ თქვენ და ქართველ ხალხს“, – აღნიშნულია ჩინეთის ლიდერის წერილში.
სი ძინპინი საუბრობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე და პარტნიორული კავშირების გაღრმავების მზადყოფნას გამოხატავს: „ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთ პატივისცემასა და ნდობაზე დამყარებული მეგობრული ურთიერთობები ჩამოყალიბდა. ჩვენ ვართ კარგი პარტნიორები. ბოლო წლებში ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებმა პროგრესი განიცადა, გაღრმავდა პოლიტიკური კავშირები და გაძლიერდა სტრატეგიული თანამშრომლობა.“
ჩინეთის პრეზიდენტის განცხადებით, იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ორმხრივ ურთიერთობებს და მზად არის თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმავოს. „მზად ვარ თქვენთან ერთად ვიმუშაო, რათა ორმხრივი პარტნიორობა ახალ სიმაღლეებზე ავიყვანოთ“, – ნათქვამია წერილში.
სი ძინპინი წერილს კეთილი სურვილებით ასრულებს: „გისურვებთ ჯანმრთელობასა და ყოველივე საუკეთესოს. საქართველოს ვუსურვებ კეთილდღეობას, ხოლო ქართველ ხალხს – ბედნიერებას.“