გასულ წელს უალკოჰოლო სასმელების სექტორმა 150 მილიონი ლიტრის ექსპორტი განახორციელა. „თიბისი კაპიტალის“ სექტორული კვლევის მიხედვით, პანდემიის შემდგომ წლებში უალკოჰოლო სასმელების წარმოების მოცულობა დასტაბილურდა და 2024 წელს წლიურმა ზრდამ 5% შეადგინა. ჯამში გასულ წელს ქვეყანაში 492 მილიონი ლიტრი უალკოჰოლო სასმელები აწარმოეს. წარმოების ღირებულება კი 2024 წელს 1 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.
ბოლო 5 წლის განმავლობაში უალკოჰოლო სასმელების იმპორტი მეტ-ნაკლებად უცვლელი დარჩა, მაშინ როცა ექსპორტმა მყარი ზრდა აჩვენა და გასულ წელს 150 მილიონ ტონას მიაღწია. მთავარი საექსპორტო ბაზრები საქართველოში წარმოებული სასმელებისთვის რუსეთი, აზერბაიჯანი ყაზახეთი, სომხეთი და უზბეკეთი არიან.
ბაზრის მსხვილი მოთამაშე „ლომისი“, რომელიც ნატახტარის ბრენდით აწარმოებს უალკოჰოლო სასმელებს, აცხადებს, რომ გასულ წელს 60 მილიონი ლიტრი ლიმონათის ექსპორტი განახორციელეს, რითაც კომპანიამ მთლიან ექსპორტში 40%-იანი წილი დაიკავა. ნიკოლოზ ხუნძაკიშვილის თქმით, საექსპორტო ბაზრებზე ქართულ ლიმონათზე მოთხოვნა იზრდება.
„ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს უალკოჰოლო სასმელების მიმართულებით. განსაკუთრებით ტრადიციული ლიმონათის, კარბონიზირებული გამაგრილებელი სასმლის მიმართულებით. თითქმის ყველა ლუდსახარშს საქართველოში აქვს გამაგრილებელი სასმელებიც, შესაბამისად არაალკოჰოლური სასმელები ჩვენი ბიზნესის ორგანული ნაწილია. 150 მილიონი ლიტრის ექსპორტი არის მნიშვნელოვანი ციფრი, ეს არის ზრდაზე ორიენტირებული, მომავალ წლებში ეს ზრდა იქნება შენარჩუნებული. ჩვენ დაახლოებით 60 მილიონი ლიტრის ექსპორტი განვახორციელეთ გასულ წელს, რაც დაახლოებით 40%-ია მთლიან ექსპორტში. ეს არის ძალიან კარგი მაჩვენებელი, პოტენციალი დიდია, შესაბამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ შემდგომ წლებში კიდევ გაიზრდება.
ჩვენი საექსპორტო ბაზრები 23 ქვეყანას მოიცავს, ცენტრალური აღმოსავლეთ ევროპა, ბალტიისპირეთის ქვეყნები, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, ასევე ყაზახეთის მიმართულებით იზრდება დინამიკა. სპარსეთის ყურის ქვეყნები ჩვენი ინტერესის სფეროა. ძალიან დიდი პოტენციალია აზიის მიმართულებით და სპარსეთის ყურის ქვეყნებში“, – აცხადებს „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი.
თიბისი კაპიტალის შეფასებით, უალკოჰოლო სასმელების ადგილობრივი წარმოება სტაბილურად იზრდება როგორც აბსოლუტურ, ასევე ღირებულების ჭრილში და მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს მილიარდ ლარს გადააჭარბებს.