საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო თელავში, ცენტრალურ მოედანზე მოქალაქეებს მასპინძლობს. უწყების ცნობით, ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარების მიერ წარმოებულ პროდუქციას და ადგილზე იხილონ სამინისტროს მიერ შეთავაზებული მხარდაჭერის ფორმები.

ღონისძიებას “ქართული ოცნების” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაესწრო, რომელმაც ღონისძიების სივრცეები დაათვალიერა და მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„26 მაისი არის გამორჩეული დღე ჩვენი ერისთვის. მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას მუდმივი ზრუნვა და ბრძოლა სჭირდება. ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი კი ეკონომიკური სიძლიერეა. სწორედ ამიტომ, დღეს, ჩვენი სამინისტროს ორგანიზებით წარმოდგენილი ვართ თელავში, ახალციხესა და ქუთაისში, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ დაინახონ, რას აკეთებს სახელმწიფო სოფლის განვითარებისთვის“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრთან ერთად ღონისძიებას ესწრებოდა ალავერდელი მიტროპოლიტი, მეუფე დავითი.

უწყების გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ღონისძიების ფარგლებში მოწყობილია ქართული ღვინის სადეგუსტაციო კუთხე და ტარდება კახური ტრადიციული კერძების კულინარიული მასტერკლასი. ბავშვებისთვის კი მოწყობილია შემეცნებითი სივრცე, გაიმართა საბავშვო სპექტაკლი და კოსტიუმირებული მსახიობების მსვლელობა.

მთელი დღის განმავლობაში, დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვს დაათვალიეროს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის გამოფენა და გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები სპეციალურად მოწყობილ ფოტოზონაში. საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილია სამუზეუმო ექსპონატების ასლები გამოფენის ფარგლებში – „საქართველო ღვინის სამშობლო“.

ღონისძიების კულმინაცია 17:10 საათზე შედგა – სწორედ ამ დროს, ისტორიულად გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. დღის ბოლოს, თელაველებსა და ქალაქის სტუმრებს საზეიმო კონცერტი ელოდათ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *