Oktopus Fitness Club-ის მმართველი პარტნიორის, გიორგი ასათიანის განცხადებით, 2025 წლის პირველ კვარტალში კლუბის მომხმარებელთა რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6%-ით გაიზარდა. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.
მისი განმარტებით, მართალია დედაქალაქში არაერთი სპორტული კლუბი იხსნება, თუმცა კომპანია ლოიალური მომხმარებლების რაოდენობას არ უჩივის.
„მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ბევრი კლუბი იხსნება, ჩვენ ლოიალური მომხმარებლები გვყავს, რომლებიც წლებია ჩვენი კლუბის წევრები არიან. გვიხარია, რომ ლოიალურობის თვალსაზრისით ჩვენ კლუბში მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება“, – თქვა მან და დასძინა, რომ მიმდინარე წელს კლუბმა ფასები 8-10%-ით გაზარდა. ცვლილება სხვადასხვა აბონემენტს შეეხო: ზოგი კატეგორიისთვის ფასი უცვლელი დარჩა, ხოლო ნაწილი დაკორექტირდა.
წარმატებული ოპერირების კვალდაკვალ, “ოკტოპუსმა” გასულ წელს ორი ახალი ობიექტი დაიმატა. მათ შორის ერთი ბათუმში, რაც კომპანიისთვის რეგიონში გასვლის პირველი პრეცედენტია, ხოლო მეორე ფილიალი ლისზე, სადაც აუზი და სპა ფუნქციონირებს. მას სეზონური ხასიათი აქვს, რომელზედაც მოთხოვნა ამ დროისათვის დიდია.
“ბათუმის ფილიალში თავდაპირველად ძირითადი მომხმარებლები უცხოელები — უკრაინელები, რუსები, ბელორუსები, ასევე ევროპელები და ამერიკელები იყვნენ. საწყის ეტაპზე ექსპატები მომხმარებელთა 75%-ს შეადგენდნენ, ახლა კი მათი წილი 50-60%-ზეა ჩამოსული. თბილისში კი, ექსპატების წილი 15-18%-ის ფარგლებში მერყეობს“, — ამბობს ასათიანი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კომპანიაში გვეუბნებიან, რომ 2025 წელი „ოკტოპუსისთვის“ მოსამზადებელი ეტაპია, რათა 2026 წელი კომპანიისთვის სიახლეების წელი იყოს. კონკრეტულად რა სიახლეებზეა საუბარი, ამ ეტაპზე არ კონკრეტდებიან.
ინფორმაციისთვის, Oktopus Fitness Club ჯამში 6 ფილიალს მართავს, აქედან 5 თბილისშია, ერთი კი ბათუმში.