ილონ მასკი ბიზნესში ბრუნდება – როგორი იყო მისი პოლიტიკური მოღვაწეობა?

ილონ მასკი ბიზნესში ბრუნდება – როგორი იყო მისი პოლიტიკური მოღვაწეობა?
ილონ მასკმა განაცხადა, რომ ის პოლიტიკურ საქმიანობას თავს ანებებს და კვლავ ბიზნესზე კონცენტრირდება. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი მოვლენაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წელს მასკმა აქტიური მონაწილეობა მიიღო აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) საქმიანობაში, რომელიც ფედერალური ხარჯების შემცირებას და სამთავრობო სისტემების ეფექტიანობის გაზრდას ემსახურებოდა.

მართალია, DOGE-ის ინიციატივამ, თავდაპირველად, რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერების კმაყოფილება გამოიწვია, თუმცა მას არანაკლები კრიტიკაც მოჰყვა, რაც საჯარო სექტორიდან ათიათასობით თანამშრომლის განთავისუფლებით იყო განპირობებული, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით საპროტესტო აქციები და დემონსტრაციები მოჰყვა.

საპროტესტო ტალღის ფონზე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში Tesla-ს აქციების შეფასება თითქმის 55%-ით შემცირდა, რაც კომპანიის არსებობის ისტორიაში ყველაზე მკვეთრი ვარდნა იყო. ამერიკულ ელექტრომობილებზე მოთხოვნის უეცარი შემცირება პირდაპირ კავშირში იყო Tesla-ს გენერალური დირექტორის განცხადებებთან და გადაწყვეტილებებთან, რომელიც ტრამპის მარჯვენა ხელად ჩამოყალიბდა.

ამერიკასთან ერთად, ევროპელ მომხმარებლებს განსაკუთრებით ის ფაქტი არ მოსწონდათ, რომ ილონ მასკი გერმანიაში, ბრიტანეთსა თუ საფრანგეთში ულტრა-მემარჯვენე პოლიტიკურ პარტიებს უცხადებდა მხარდაჭერას და სოციალურ ქსელ X-ში ისეთი შინაარსის პოსტებს ავრცელებდა, რომელთაც რთულია პოლიტკორექტული ვუწოდოთ. ამასთან, ევროპელები სოლიდარობას უცხადებდნენ იმ ამერიკელ ფედერალურ მუშაკებს, რომლებმაც სამსახური ილონ მასკის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით დაკარგეს.

საერთო ჯამში, DOGE-ის საქმიანობამ 300,000-მდე ფედერალური მუშაკის გათავისუფლება და სახელმწიფო ბიუჯეტში 160 მილიარდი დოლარის დაზოგვა გამოიწვია. მასკის უწყების რეკომენდაციით, სტრუქტურული ცვლილებები გატარდა 27 სამინისტროსა და საჯარო უწყებაში, რაც უპრეცედენტო მაჩვენებელია. ამ ფაქტის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ მასკს ქვეყანაში უმუშევრობის დონის გაზრდის მიმართულებით აბსოლუტური რეკორდი აქვს, რადგან მსგავსი რამ, აქამდე არავის უქნია, თანაც გასათვალისწინებელია, რომ ის არც თანამდებობის პირია და არც დემოკრატიული პროცესით არჩეული კანდიდატი.

საერთო ჯამში, მასკის საქმიანობის გამო, Tesla იმდენად დაზარალდა, რომ მისი მსხვილი ინვესტორები გენერალური დირექტორის თანამდებობიდან მის გადაყენებას განხილავდნენ, თუმცა სანამ ეს მოხდა, იქამდე მასკმა თავად განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან ეტაპობრივად წავიდოდა და სრულად გადაერთვებოდა კომპანიების მართვაზე. ეს ამბავი, ცხადია, ინვესტორებს მოეწონათ და სწორედ ამიტომ Tesla-ს აქციების შეფასება ბოლო პერიოდში მკვეთრად გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ საფონდო ბირჟაზე დანაკარგის ამოღება შეძლო, მისი რეპუტაციული პრობლემა არსად არ გამქრალა და ეს გაყიდვების დინამიკიდანაც ჩანს, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ამერიკასა და ევროპაში Tesla-ს ელექტრომობილებზე მოთხოვნა განახევრებულია. აქ მთავარი პრობლემა ის არის, რომ Tesla-ს ავტომობილებს, ისტორიულად, ლიბერალურად განწყობილი, ხშირად დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი მოქალაქეები ყიდულობდნენ, რომელთათვის Tesla პოლიტიკურ მესიჯს წარმოადგენდა, თუმცა ბოლო დროს ამ მესიჯის შინაარსი ფუნდამენტურად შეცვლილია და არ არის გამორიცხული, რომ ლურჯი შტატების მცხოვრებლებმა Tesla-ს ელექტრომობილებზე უარი სამუდამოდ თქვან, რაც კომპანიისთვის კრიტიკული პრობლემა იქნება.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური მოღვაწეობით მასკს სარგებელი ფაქტობრივად არ მიუღია და მისი ქმედებების გამო, Tesla-ს უფრო მეტი პრობლემა გაუჩნდა, ვიდრე უპირატესობა. თანაც თუ ტრამპის ხასიათს და მისი პოზიციის ცვლილების ტენდენციას გავითვალისწინებთ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ის მომავალში მასკს პირადად დაუპირისპირდეს, რაც Tesla-სთვის ახალი კრიზისის დასაწყისი იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *